ირაკლი ნოზაძის დაჭრამდე ავტომობილში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაჭრაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა ავთანდილ ბუაძემ განუცხადა.
მისი თქმით, თამთა ჯანჯღავასა და ირაკლი ნოზაძეს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ. ადვოკატის ინფორმაციით, ჯანჯღავა კატეგორიულად უარყოფს, რომ მას განზრახული ჰქონდა ირაკლი ნოზაძის მოკვლა. ავთანდილ ბუაძე არ ასახელებს, თუ რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი.
“დაკავებულის პოზიციაა, რომ ის არ აღიარებს ბრალს, განზრახ მკვლელობას. რაც შეეხება მოტივაციას, ეს გამოძიების წარმოების პროცესში დადგინდება. ამ ეტაპზე მე ვერაფერს გეტყვით. არის ფიზიკური დაზიანება, რომელზეც ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა”, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება ბრალს, თამთა ჯანჯღავას ბრალი ჯერჯერობით ოფიციალურად არ წაყენებია. ადვოკატის თქმით, მათთვის ჯერჯერობით მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა. უწყება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.
ინტერპრესნიუსი