საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის – „პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ დელეგაციას შეხვდნენ.
მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მიმართულებით საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების შესახებ ისაუბრეს.
„პარლამენტის თავმჯდომარემ უმასპინძლა კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს საპარლამენტო რეფორმის და გაძლიერების პროცესში მხარდასაჭერად და რეკომენდაციების მოსაცემად სტუმრობენ. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებებზე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის და როლის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით – თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში. მათ შორის მოიაზრება ნდობის ჯგუფის მანდატის გაძლიერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთლიანად, პარლამენტის ინსტიტუციურად გასაძლიერებლად.
კონგრესი არის ის პარლამენტი, რომელსაც ეს ფუნქცია ყველაზე განვითარებული აქვს და ძლიერი მაკონტროლებელი მექანიზმები, ასევე, ისტორია და კულტურა გააჩნია. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მათი მოსაზრებებისა და რჩევების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გაიზიაროს საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გამოცდილება და შესაბამისად, თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი ბევრად უფრო ეფექტური და წარმატებული გახადოს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.