საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 11-12 ივლისს ბრიუსელში, ნატოს სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც ისაუბრებენ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო – საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.
პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ნატოს სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო ალიანსის ყურადღების კონცენტრირება საქართველოზე და უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.
„განხილული იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც, სადაც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო და უფრო აქტიურად ერთვება”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, სადაც განიხილება კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ალიანსთან ურთიერთობაში, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი.