საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჭუბერის ხეობაში, სტიქიის ზონაში იმყოფება.
როგორც მან განაცხადა, 2-3 წელიწადში საქართველო ადრეული გაფრთხილების სადგურებით მთლიანად დაიფარება.
„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ასეთი სისტემის ჩამოყალიბებას წელს იწყებს და 2-3 წლიან პერსპექტივაში, საქართველო მთლიანად იქნება სწრაფი გაფრთხილების სადგურებით დაფარული, რაც ბევრ ინფორმაციას მოგვცემს და პრევენციისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის კავშირს მიმდინარე პროცესთან, დავითაშვილი ამბობს, რომ მშენებლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ გარემოსდაცვითი ყველა მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება.
„ცალსახად დაადასტურეს სპეციალისტებმა, რომ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა ჭუბერში მიმდინარე პროცესებთან კავშირში არ არის, თუმცა, „ნენსკრა ჰესი“ იქნება, სხვა ჰესი თუ ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა, ეს უნდა იყოს მკაცრად, გარემოს დაცვითი პრინციპებით აშენებული. ამ ეტაპზე მშენებლობა არ მიმდინარეობს, ხდება შესწავლა და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მშენებლობის ნებართვა გაცემული, თუ გარემოსდაცვითი ყველა მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება, ეს ეხება პირველ რიგში ნენსკრას, თუმცა, მხოლოდ მას არა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილი – 2-3 წელიწადში საქართველო ადრეული გაფრთხილების სადგურებით მთლიანად დაიფარება
2018/07/06 15:42:47

ნანახია: 1268 ჯერ