საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად შეხვედრებს მართავს.
საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისათვის გამართულ სამუშაო შეხვედრებში არაერთი საჯარო უწყება არის ჩართული, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სხვა.
„სამუშაო შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება დასარეგულირებელია სხვადასხვა სფეროში და საჯარო უწყებებს გარკვეული პრობლემები ექმნებათ შესაბამისი ჩანაწერების არარსებობის გამო. ჩვენ დღეს აქტიურად ვიმსჯელეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მის შესახებ არსებული ინფორმაციის გაცვლა, მშობლის უფლებები და სხვა. ასევე, ვიმსჯელეთ მასმედიის საშუალებებით ბავშვის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე, რაზეც შესაძლოა მოვამზადოთ ცალკე რეგულაციები და რეკომენდაციები, ცხადია, მხოლოდ ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით. აღნიშნულ საკითხებზე მომავალშიც ვგეგმავთ შეხვედრების გაგრძელებას და მზად ვართ თანამშრომლობისათვის,“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ.
ფრაქციის წევრების – გიორგი კოპაძისა და ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, ინიციატივა მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ გარკვეული ასაკიდან, არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაწყვიტოს საკუთარი პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი, რაც პირდაპირ კავშირშია მისი პირადი ცხოვრების უფლების დაცვასთან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ფრაქციის წევრების განცხადებით, ამ თემაზე უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და უახლოეს მომავალში იგეგმება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა საქართველოს პარლამენტისთვის.