პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა მოხდა და იკვეთება თუ არა ვინმეს ბრალეულობა, რომ უმკაცრესად დაისაჯოს დამნაშავე – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მინდელის შახტში მომხდარ აფეთქებას.
„წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა ტყიბულში კვლავ. ამჯერად, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.
სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას. მე იქ უნდა ვიყო ახლა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ ტყიბულში ჩასვლას.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა მოხდა და იკვეთება თუ არა ვინმეს ბრალეულობა, რომ უმკაცრესად დაისაჯოს დამნაშავე.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პრევენციაა, რომ თავიდან ავირიდოთ ასეთი ტრაგედიები. ჩვენ გვჭირდება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანებს დაიცავს. 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ყოველ დღე მიდიოდეს სამსახურში და არ იცოდეს უკან ცოცხალი დაბრუნდება თუ არა, იმის გამო, რომ მისი სამსახური საფრთხის მატარებელია.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტები ვმუშაობთ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსოფლიო შრომის ორგანიზაციასთან (ILO) ერთად, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შრომის უსაფრთხოებას და შრომით უფლებებს. ასევე, ამ წლის ბოლოს მთლიანად შევა ძალაში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტში დავამტკიცეთ წელს და რომელიც ეტაპობრივად შედის ძალაში.
ადამიანის უფლებათა კომიტეტში გასულ კვირას გვქონდა საკომიტეტო მოსმენა თემაზე, თუ როგორ ხდება ახალი კანონმდებლობის აღსრულება. უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები და მათი ეფექტიანი აღსრულება მგონია, რომ სასიკეთო შედეგს მოიტანს და ადამიანები ასე არ დაიხოცებიან სამუშაო ადგილებზე“, – წერს კილაძე.
სოფო კილაძე – წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ყოველ დღე მიდიოდეს სამსახურში და არ იცოდეს უკან ცოცხალი დაბრუნდება თუ არა
2018/07/16 12:31:41

კომენტარები
ნანახია: 769 ჯერ