ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედის“ დარბევის დეტალებს იხსენებს.
როგორც ბიძინა ბარათაშვილმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღნიშნა, „იმედის“ მაშინდელი მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკურ აქტივობაში ჩაერთო და 2 ნოემბერს მიტინგზე გააკეთა განცხადება. მისივე თქმით, 7 ნოემბერს გავრცელდა ბადრი პატარკაციშვილის მიმართვა, რომელიც ეთერში გაუშვა ყველა საინფორმაციო საშუალებამ.
„მთავარი იმპულსი ამ ყველაფრის იყო ირაკლი ოქრუაშვილის ეთერში გამოსვლა, მან ეთერში გამოაცხადა, რომ ლიკვიდაცია იგეგებოდა პატრაკაციშვილის, აქედან მოყოლებული ბადრი თბილისში აღარ იმყოფებოდა ნოემბრამდე და 7-ში უკვე გავრცელდა მისი მიმართვა, ყველა ტელევიზიამ წაიკითხა ეთერში მისი მიმართვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, დახარჯავს ბოლო თეთრს იმისთვს, რომ ხელისუფლებას ებრძოლოს. ეს გაავრცელა ყველა ტელევიზიამ და ჩემთვის გაუგებარი იყო მაშინაც და ახლაც, რატომ შემოვარდნენ მაინცდამაინც ჩვენთან. იმავე მიზეზით შეიძლებოდა მაშინ მისულიყვნენ “ რუსთავი 2“–შიც, პირველ არხეც“, – განაცხადა ბარათაშვილმა.
მისივე თქმით, „იმედში“ არავინ არ მისულა და მაუწყებლობის შეწყვეტა არ უთხოვია.
„7 ნოემბერს მე ვიყავი სამსახურში. საშა მაისურაძე იყო ჩვენი დაცვის უფროსი, ის შემოვიდა ოთახში ჩემთან. უკვე ვხედავდი, რომ შავებში ჩაცმული ადამიანები შემორბოდნენ შენობაში ლუბლიანის ქუჩის შემოსასვლელიდან. მე და დაცვის უფროსი ერთად ჩამოვედით ქვევით. ამასობაში იქ უკვე შემოსული იყვნენ. თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის ფეხმძიმე დიანა ტრაპაიძე, იწვნენ ძირს. ყველას ეკეთა ნიღბები. ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც არ ჰქოდნა ნიღაბი, მასთან მივედი ჩავთვალე, რომ ის იყო უფროსი და ვუთხარი, რომ მე ვარ კომპანიის დირექტორი. მარტივი მისახვედრი იყო, ისინი რისთვის იყვნენ მოსულები, რომ გაჩერებულიყო ეთერი. ეთერის გათიშვა არის ძალიან მარტივი, ერთი ღილაკია, რომელსაც დააჭერ ხელს და გაითიშება. ასევე მარტივია ჩართვაც. როდესაც ადამიანებს ძირს აწვენდნენ, მე ვუთხარი, რომ ვარ დირექტორი და ვის ველაპარაკო, თუ გათიშვა გინდათ, წამოდი, გავთიშოთ. ამ კაცმა დამადო შუბლზე გრძელი პისტოლეტი და მითხრა – ძალიან კარგად ვიცი ვინც ხარ, ბარათაშვილო, შენ უნდა გაგიხვრიტო სწორედ შუბლიო. ეს გაიმეორა სამჯერ. მე ძალიან მაინტერესებს, ვინ არის ეს ადამიანი, სად არის და მისი სახელი და გვარი, რატომ არსად არ ფიგურირებს“, – აღნიშნა ბარათაშვილმა.
მისივე თქმით, სპეცრაზმი, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა იყო ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი.
„შემდეგ უკვე ნორმალური ადამიანები შემოვიდნენ შენობაში. ეს იყო შსს–ს გამომძიებელთა ჯგუფი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები. ჩვენ შევედით საეთერო ბლოკში, სადაც მოსასვენებელი ადგილია. უკვე ყველაფერი გათიშული იყო და იქ არაფერი იყო დამტვრეული. შემდეგ თქვეს, რომ უნდა დაიწყოს დალუქვა და მითხრეს, რომ ყველა სამუშაო ოთახი უნდა გაიღოს, რომ არ მოხდეს შენგრევა. მთხოვეს იქნება, გასაღებებები ვნახოთ, სად არის. ვინაიდან ნაწილი ჩვენი თანამშრომლებისა თან ატარებდა ამ გასაღებებს. გამოვედი გარეთ, ეს დააფიქსირა კამერებმაც, ვთხოვე, შეეგროვებინათ გასაღებები, რომ ოთახები არ დამეტვრიათ. მერე ამ ხალხთან ერთად ავედი ზევით, მესამე სართულზე და ვნახეთ, რომ სერვერი დაზიანებული იყო, გამოგლეჯილი იყო მავთულებიც. როდესაც ქვევით ჩამოვედი უკან საეთეროში დამხვდა საეთერო დაფშვნილი, აპარატურას ფეხის ნაკვალევიც კი ემჩნეოდა. მერე ეს გადაიღო რობერტსონმა. ჩვენ ტელეფონები ჩამოგვართვეს და მას ჰქონდა მეორე ტელეფონი. რამდენიმე ფოტო გაიდაიღო. ეს დამტვრეული აპარატურა შემდეგ გადაიღო ლევან ღუდუშაურმა, რომელიც შემოიპარა შენობაში. საეთეროში ყველაფერი დაფშვნილი იყო. ვფიქრობ, რაღაც ბრძანება არსებობდა იმაზე, რომ ეს ყველაფერი უნდა დამტვრეულიყო. ფაქტია, რომ არანაირი საფუძველი იქ იმის, რომ რამე დამტვრეულიყო, არ არსებობდა. შემდეგ დაანგრიეს არქივი, ჩემი თვალით ვნახე ადამიანები, რომლებიც კატესებიდან გლეჯდნენ ფირს. მოიპარეს სასადილოდან ხორცი, მოიპარეს ჩემი ქურთუკი და ნახევრად შიშველი დავბრუნდი სახლში დილის 5 საათზე“, – აღნიშნა ბარათაშვილმა. მისივე თქმით, „იმედის“დარბევის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ტელევიზიის წარმომადგენლები აქტიურად ვხვდებოდით ეუთო–ს, ევროკავშირის საელჩოების, უცხოეთის ტელევიზიების, ჟურნალ– გაზეთების წარმომადგენლებს. „მათიას იორში, მეთიუ ბრაიზა, პიტერ სემნები, ყველა გავიცანი. ერთი თვე გავატარეთ იმაში, რომ ვყვებოდით ამ ამბავს. ხელისუფლებასთან შეხვედრებში მე არ მიმიღია მონაწილეობა. ნინო ბურჯანაძე იყო მაშინ პრეზიდენტის მოვალეობის შესმრულებელი, მას ჰქონდა შეხვედრა ჟურნალისტებთან, არხის ხელმძღვანელობას არ შეხვედრია. საბოლოო შედეგი იყო ის, რომ დაინიშნა პრეზიდენტის არჩევნები და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, დავბრუნებულიყავით არხში. ესეც ძალიან უცნაურად მოხდა. ტელევიზიაში მიიყვანეს ევროკავშირის და ევროსაბჭოს მთელი დელეგაცია, რომელსაც უნდა დაეთვალიერებინათ ტექნიკა. ისინი სიცილით ყვებოდნენ, რომ ასეთი გაკრიალებული ტელევიზია და ასეთი სუნი სარეცხი საშუალებების ალბათ ახალ შენობაშიც კი არ არისო“, – აღნიშნა ბარათაშვილმა.
როგორც „იმედის“ყოფილი დირექტორი სასამართლო ჩვენებაში ყვება, დარბევის შემდეგ ტელევიზიაში შესულებს სხვა აპარატურა დახვდათ, რომელიც მიტანილი იყო, რადგან შექმნილი შთაბეჭდილება, თითქოს იქ არაფერი დამტვრეულა.
„როდესაც ტელევიზიაში შევედით ვითხოვდით, რომ ვიღაც ადამიანი დაგვხვედროდა, რომ გადაბარება მომხდარიყო. ამაზე გვითხრეს უარი. მაშინ სოზარ სუბარი იყო სახალხო დამცველი, მას დავურეკეთ, მოვიყვანეთ, მოვიყვანეთ ოპერატორი, რომ დაგვეფიქსირებინა ყველაფერი“, – აღნიშნა ბარათაშვილმა.
ბიძინა ბარათაშვილმა სასამართლოს ჩვენება 4 ივლისს მისცა. ჩვენების შინაარსი 2030.news-ისთვის დღეს გახდა ცნობილი.
www.2030news