აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიული დათმობებია საჭირო. „ბლუმბერგის“ ცნობით, ჯეი დი ვენსმა აღნიშნულის შესახებ ინდოეთში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვენსის თქმით, აშშ უკრაინაში ომის შეჩერებისთვის „ძალიან მკაფიო წინადადებებით გამოვიდა და ახლა დადგა დრო, რუსეთმა და უკრაინამ ან თქვან „დიახ“, ან აშშ გავიდეს ამ პროცესიდან“.
„საბოლოოდ, კონფლიქტში ახალი ხაზები გაივლება არსებული ფრონტის ხაზებზე ან სადღაც მათთან სიახლოვეს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ „როგორც უკრაინას, ისე რუსეთს ამჟამად მათ კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების ნაწილის დათმობა მოუწვეთ“.
„აუცილებელი იქნება ტერიტორიის ნაწილის გაცვლა“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
როგორც ვენსმა აღნიშნა, „მკვლელობის შესაჩერებლად ორივე მხარემ უნდა დაყაროს იარაღი, გაყინოს ეს ყველაფერი და გააგრძელოს უკეთესი რუსეთისა და უკეთესი უკრაინის მშენებლობა“.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება უახლოეს ხანში თუ არ იქნება მიღწეული, მაშინ აშშ მზადაა, დატოვოს მოლაპარაკებების პროცესი.