სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური პატიმრობაში რჩება.
შესაბამისი გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ კობაურის ოჯახის წევრები, რომლებიც დღეს პროცესს ესწრებოდნენ.
19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.