გურამ თუშიშვილმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე (+100 კგ.) ოთხი ბრძოლა მოიგო. დღის პირველ შეხვედრაში მან რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში კი უკრაინელ იაკივ ხამოს აჯობა. დრამატული გამოვიდა მეოთხედფინალი, რომელშიც გურამი ჰოლანდიელ როი მაიერს შეხვდა. თუშიშვილმა ორთაბრძოლა დამატებით დროში შესრულებული გდებით მოიგო. ტურნირის ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს შეხვდა, რომელიც ბრძოლის დაწყებიდან სამ წუთში იპონით დაამარცხა.
გურამ თუშიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია მიმდინარე ტურნირზე, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 23 წლის ძიუდოისტისთვის ეს კარიერაში პირველი ოქროს მედალია მსოფლიოს ჩემპიონატზე.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო.
ამ გამარჯვებით თუშიშვილმა საქართველოს მესამე მედალი, თუმცა ყველაზე მაღალი სინჯის მოუტანა. საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალია. ვერცხლის მედალი 25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანმა (100) მოიპოვა, ხოლო ტურნირის სტარტზე ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი აიღო.
ამით მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება დასრულდა. 27 სექტემბერს გუნდური პირველობა დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს, რადგან ქალებში წარმომადგენელი არ ჰყავს.