საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, ტელეკომპანია “იბერიას” ჟურნალისტებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.
როგორც პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, პროფკავშირების წარმომადგენლებმა ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეჩერების შესახებ სხვადასხვა ტელევიზიებიდან გაიგეს.
მისივე განმარტებით, რეორგანიზაციის გამოცხადებასაც თავისი ფორმა აქვს, ამიტომ პროფკავშირები ყველა კანონით მინიჭებულ უფლებას მიმართავს, რათა ტელეკომპანიის თანამშრომლების სოციალური გარანტიები დაცული და ხელფასი გასტუმრებული იყოს.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ, დაახლოებით, მაისში მსგავსი პრობლემები იყო. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ იმ პერიოდში დასაქმებულებთან ერთად, მოახერხა, რომ შეთანხმება შემდგარიყო ტელეკომპანიის ადმინისტრაციასა და ჟურნალისტებს შორის.
დაფუძნდა ჩვენი პირველადი ორგანიზაცია. იქ გაწევრიანებული არიან ტელეკომპანიის თანამშრომლები. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირთან ამ ტიპის კომუნიკაციის საშუალება ჰქონდა დამსაქმებელს, არც პირველადი ორგანიზაციისთვის, არც პროფკავშირებისთვის და არც თითოეული თანამშრომლისთვის არ გახდა ცნობილი იმ ე.წ. რეორგანიზაციის შესახებ, რომელსაც ტელეკომპანია გეგმავს. სხვა ტელეკომპანიის საშუალებით გახდა ცნობილი თანამშრომლებისთვის, რომ ისინი ვეღარ გააგრძელებენ მუშაობას და არ მიეცემათ კუთვნილი ანაზღაურება. წინასწარ ვმიჯნავ “იბერიას” იმ გახმაურებული ცნობილი ფირმისგან, ვის მიერაც ეს ტელეკომპანიაა დაფუძნებული, აბსოლუტურად სხვა შპს-ა, რომელსაც გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით ვალდებულებები თავის მიერ დასაქმებულ ხალხთან. ჩვენი ინტერესი არის დასაქმებულების შრომის ანაზღაურება, მათი სოციალური კეთილდღეობა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება თავის წევრ ორგანიზაციებთან ერთად, ტელეკომპანიის თანამშრომლებთან ერთად, მიმართავს ყველა კანონით მინიჭებულ უფლებას, რათა ტელეკომპანიის თანამშრომლების სოციალური გარანტიები დაცული და ხელფასი გასტუმრებული იყოს. რეორგანიზაციის გამოცხადებას აქვს თავისი ფორმა კანონმდებლობის მიხედვით და ეს ასე არ ცხადდება, სხვა ტელეკომპანიით არ უნდა იგებდნენ თანამშრომლები ასეთ ამბავს”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
პროფკავშირების გაერთიანება: მივმართავთ კანონით მინიჭებულ უფლებას, რათა “იბერიას” თანამშრომლების სოციალური გარანტიები და ხელფასი გასტუმრებული იყოს
2018/10/19 16:23:36

კომენტარები
ნანახია: 747 ჯერ