ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ხვალ ვაშაძე დამარცხდება.
ხვალვე ნაცები გამოაცხადებენ რომ არჩევნები გაყალბდა
ზეგ დაიწყებენ იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით და მოენატრათ _ პიკეტებს, პროვოკაციებს და კონფრონტაციას…
ვაშაძის დამარცხებით ნაცები არ დამარცხდებიან, თუ არეულობას ვერ მიაღწევენ დაიწყებენ მზადებას 2020-ს საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ერთხელაც არ მოხდენენ რევანშს, ან ისეთ დესტაბილიზაციას, რომელიც ქვეყანას ქაოსში შეიყვანს.
ასეთ რეჟიმში საქართველოს მომავალი არ ექნება. მოსახლეობის, საზოგადოების ფსიქიკა ვერ გაუძლებს ამ ვითარების გაგრძელებას, ტოტალური დეპრესია და გაურკვევლობა მოსპობს ყველანაირი სამოქალაქო, პოლიტიკური, შემოქმედებითი თუ ბიზნეს აქტივობის სურვილს.
მაღალმორალური და შემწყნარებლური მოტივაციით დაწყებული კოჰაბიტაცია არათუ გაიხრწნა, მან მოწამლა მთელი საზოგადოება. დღეს ქართული დემოკრატია იქცა არა საზოგადოების პროგრესის წინაპირობად, არამედ ნაციონალური მოძრაობის მძევლად და ამავდროულად იარაღად თავად დემოკრატიის წინააღმდეგ.
კოჰაბიტაციამ საქართველოში დემოკრატია აქცია არა სიძლიერის, არამედ სისუსტის სინონიმად.
დაახლოებით მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ევროპული მულტიკულტურალიზმის პოლიტიკა, რომელმაც 2010 წლის შემდეგ სერიოზული რევიზია განიცადა თავად ევროპული სახელმწიფოების მხრიდან, განსხვავებულ კულტურათა თანაარსებობის რომანტიკა შეცვალა ტერორით დაღლილმა პრაგმატიზმა, ხშირად კანონებით არგაწერილმა, მაგრამ ფაქტობრივმა. დღეს ევროპა, და არა მხოლოდ მისი აღმოსავლეთი ნაწილი ძალიან ფრთხილად ეკიდება რომანტიულ ექსპერიმენტებს, რომლებსაც შეუძლიათ კარი გაუხსნან არა მხოლოდ ფუნდამენტალისტთა ტერორს, არამედ რადიკალურ რეაქციასაც ამ ტერორზე _ ქსენოფობიის, რასიზმისა და ნაციზმის სახით. იგივე საფრთხის წინაშე დგას საქართველო, ნაციონალურმა მოძრაობამ როგორც მახინჯი ულტრალიბერალური ფაშიზმის სექტამ გამოიყენა კოჰაბიტაცია და დემოკრატია რევანშისა და შემდგომ დემოკრატიის კვლავ დაჩოქებისთვის.
არც მულტიკულტურალიზმი და არც კოჰაბიტაცია არ შეიძლება შედგეს ცალმხრივად, მითუმეტეს მაშინ, როცა მეორე მხარე არ გცნობს არც შენ და არც დემოკრატიას, მისთვის მთავარია ძალაუფლების მოპოვება და თავისი იდეოლოგიის შენთვის ძალით მოხვევა. არავის ქონდეს ილუზია, რომ ნაციონალები რევანშის შემთხვევაში გამოსწორდებიან და სხვაგვარად მოიქცევიან, ისევ არ დაამუნჯებენ მედიას, ისევ არ დაატერორებენ ბიზნესს და ისევ არ დააჩოქებენ თავისუფლებას, მათ შორის იმ არასამთავრობო სექტორსაც, რომლის დიდი ნაწილი სააკაშვილის ფინიად არის ქცეული. სხვანაირად ნაცები ვერ მოიპოვებენ და ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, ვერ მოიზიდავენ თანხებს აღმშენებლობის ილუზიის შესაქმნელად, ვერ შექმნიან ჩაკეტილ საინფორმაციო სივრცეს.
გამოდის ჩაკეტილ წრეში ვართ, ან უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია და შესაბამისად ნაცებს მიეცეს საშუალება გაარგძელონ საზოგადოების მუდმივ ფსიქოლოგიური ტერორი, ან უარი ვთქვათ დემოკრატიაზე და სამაგიეროდ ჩავაჩუმოთ ნაცები.
დემოკრატიაზე უარის თქმა არ შეიძლება, მიუხედავად ამ სისტემის მიმართ საზოგადოებაში არსებული სკეპსისისა, დემოკრატია უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ამჯერად უკვე პრაგმატულად. მას დაცვა და გაძლიერება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაცები მოახერხებენ ამ სისტემის იმდენად დისკრედიტაციას, სანამ საზოგადოება თავად არ მოითხოვს დემოკრატიის, როგორც უნიათობის და უსუსურობის მთავარი წყაროს დასრულებას.
დღევანდელ ქართულ დემოკრატიას აკლია სამი უმთავრესი შემადგენელი, სისტემურობის, სამართლიანობის და პასუხისმგებლობის პრიმატები.
თუ არ მოხერხდება ხელისუფლების მოქცევა ხალხისთვის გასაგებ და სანდო სისტემაში, მოქალაქეს არ შეეძლება ხვალინდელი პერსპექტივის განსაზღვრა, არ ექნება სტაბილურობის განცდა და ხვალინდელი დღის იმედი, რის გარეშეც ვერ მოევლება ვერც კორუფციის და ვერც ნეპოტიზმის გამოვლინებებს, რადგან ერთიც და მეორეც არის ადამიანური რეაქცია მომავლის გაურკვევლობასა და სისტემის გაუმართაობაზე. უსისტემობაში შეუძლებელია სამართლიანობის დამკვიდრება, ისევე როგორც სამართლიანობის დამკვიდრებაც და სისტემის ეფექტურობაც წარმოუდგენელია პასუხისმგებლობისა და დამნაშავეთა დასჯის გარეშე.
დანაშაული ითხოვს სასჯელს, სხვაგვარად ის ხდება გადამდები და საზოგადოების გამხრწნელი.
ხვალ ვაშაძე წააგებს და ამის მიზეზი ბევრია, არა მხოლოდ ბნელი წარსული, არამედ სააკაშვილის და მისი “გებელსის”_ გვარამიას ფაშისტური, რეაციული განცხადებები.
მათ ისევ გადაამლაშეს. უნდოდათ შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის “რკინის ხელის” მქონე, ცენტრალიზებული ალტერნატივა, მაგრამ შემოეთავაზათ იგივე, რითაც “თავი გაითქვეს” _ რევანში, მათი მოწინააღმდეგე ელექტორატის რუსეთის აგენტებად და გასაყრელ მოღალატეებად მონათვლა და ბიზნესის დატერორების დაანონსება.
დღეს საზოგადოების დაკვეთა უდაოდ არის სიხისტე, სისტემურობა, პრინციპულობა, ცენტრალიზებულობა, გუნდურობა, სამართლიანობა, კვალიფიციურობა და პასუხისმგებლობის უნარი, მაგრამ არა ტერორის ხარჯზე. ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის თავისუფლება უფრო მთავარი ღირებულება აღმოჩნდება და ვაშაძე წააგებს, მაგრამ დარჩება ნაციონალური მოძრაობა, როგორც ხარკი დემოკრატიას და როგორც საფრთხე დემოკრატიისა და ქვეყნის პროგრესისთვის.
ევროპა იწყებს დემოკრატიული პრინციპების დაცვაზე ფიქრს, რადგან ხვდება, რომ რევიზიის და რეფორმის გარეშე საფრთხის ქვეშ დგება არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ დემოკრატიული სისტემა და მთელი დასავლური ცივილიზაცია. აქ, საქართველოშიც ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს რომანტიზმი, მხოლოდ მორალით გამართლებული კოჰაბიტაციის სახით, დემოკრატიის და ჯალათობის კოჰაბიტაციის ფინალი მხოლოდ ჯალათობის გამარჯვებაა. ჯალათი თავის ბნელ, ფაშისტურ და აგრესიულ პროპაგანდას სიტყვის თავისუფლებად ნათლავს და საჭირო მომენტში, ხრავს ემოკრატიას. ამიტომ, უნდა დაიწყოს რეფორმაცია. თან არა ზედაპირული, არამედ გასაგები და სისტემური, უფრო სწორად რევოლუციური. მხოლოდ ამ გზით შეძლებს დღევანდელი მმართველი პარტია საზოგადოების დარწმუნებას გულწრფელობაში და დაიბრუნებს ნდობას.
მოსახლეობისა და ხელისუფლების ურთიერთნდობის, ხელისუფლების სისტემურობისა და პასუხისმგებლობის გარეშე დემოკრატია ვერ შედგება, ის გადაიქცევა იმ საცოდაობად, რაც დღეს არის _ ნაციონალური მოძრაობის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
რეფორმები უნდა დაიწყოს და ეს რეფორმა უნდა გახდეს საზოგადოების უმთავრესი დაკვეთა მაშინვე, როგორც კი არჩევნები დასრულდება.
ჩემი ოცნება ვაშაძის დამარცხება არაა. ნაცებზე და ოცნებაზე გაბრაზებული საზოგადოება ისედაც დაამარცხებს ბნელი წარსულის კანდიდატს. ჩემი ოცნება სოლიდარული, ლაღი და მომავალში ამაყად მომზირალი თავისუფალი ქართველი ერია, რომელმაც დაიმსახურა გამარჯვება სიბნელეზეც და ისეთი პოლიტიკური ძალებიც, რომლებსაც რეფორმის, სამართლიანობის და პასუხისმგებლობის არ ეშინიათ.”-წერს უძილაური.