პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკა საქართველოს შემთხვევისგან განსხვავდება და ეს არის მაგალითი იმისა თუ რა არის დანაშაული და არა რაიმეს აღკვეთა. ამის მაგალითად კი დანიას, აშშ-სა და საფრანგეთს ასახელებს.
„ნებისმიერი აქცია-მანიფესტაცია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გადაიზრდება, სამართალდამცველების მხრიდან აბსოლუტური ძალის გამოყენებას იწვევს,“ -აცხადებს დეპუტატი და განმარტავს, რომ საქართველოში წარსულში თავადაც გამხდარა აქციის ძალადობრივი დაშლის მსხვერპლი და აღნიშნავს, რომ 2012 წლამდე საქართველოს ხელისუფლების ქმედებები დასავლეთის მხრიდან კრიტიკის საგანი მხოლოდ მოგვიანებით გახდა.
“დანიის მაგალითი შეიძლება ითქვას, ამ მოცემულ მომენტში გამოგვადგება საილუსტრაციოდ, რათა რეალურად დავანახოთ საზოგადოებას და ვაჩვენოთ განსხვავება – რა არის რაიმეს აღკვეთა და რა არის დანაშაული, თუნდაც პოტენციური.
რეალურად, ჩვენ არამხოლოდ დანიის, არამედ ამერიკაში მიმდინარე სტუდენტური აქციების დარბევებიც გვაქვს მაგალითად, ასევე საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანების“ აქციები და ა.შ. ეს ქმედებები ყოველთვის იყო კამპანიური ხასიათის ხელისუფლებების მხრიდან.
მეთოდებზე როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი მთელ მსოფლიოში, რომ ნებისმიერი პროტესტი, ნებისმიერ აქცია-მანიფესტაციაზე, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გადაიზრდება, სამართალდამცველი აბსოლუტურ ძალას იყენებს. ბრიუსელში, ამერიკაში ასეთი მეთოდებით პროტესტის აღკვეთა დემოკრატიის გამოვლინებად ითვლებოდა.
დანიის მაგალითზე მახსენდება 15 ივნისი, როდესაც დაახლოებით 100 ახალგაზრდა, ყველა წესის დაცვით, ვკითხულობდით განცხადებას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ქართული სასამართლოს დასკვნაც, ევროპამაც შეაფასა და დაზარალებულებად ვართ ცნობილი – თავს დაგვესხა პოლიცია.
მხოლოდ მე ვკითხულობდი წერილს. სამართლებრივად ასე გვქონდა გაწერილი, არავინ ხმას არ იღებდა, არანაირი მოწოდებები არ იყო. ვიდექით ახალგაზრდები და მხოლოდ მე ვკითხულობდი წერილს, სადაც ეწერა: „ნუ დაგვდევთ სახლებთან, თუ დამნაშავეები ვართ, აქ ვდგავართ ახლა და მობრძანდით, გვითხარით, რომ ბრალი გვედება და ჩვენ თვითონ გამოგყვებით“.
ამ ტექსტის წაკითხვაც არ დამამთავრებინეს, ვანო მერაბიშვილის პერიოდი იყო, და აბსოლუტური შტურმი მოგვიწყვეს. ალყაში მოგვაქციეს და საშინელებები ჩაიდინეს. ისეთი ფაქტები მოხდა, რომ ადგილობრივ ტელევიზიებსა და ინტერნეტმედიებს კამერებიც კი წაართვეს. ეს იყო მაშინ ევროპული სტანდარტი. შემდეგ ქალბატონი ზღულაძე გამოვიდა და პირდაპირ თქვა აბსურდი, რაღაც ყურით მოთრეული მიზეზი მოიგონა, თითქოს ამის გამო გაგვისწორდნენ ასე.
საბედნიეროდ, რამდენიმე კადრი შემორჩა და ამის საფუძველზე ევროპამ ძალიან მკაცრად შეაფასა ეს ფაქტი. მათ მაშინდელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაც ჰქონდათ, თუმცა ხელისუფლებამ ამას ყურადღება არ მიაქცია და მხოლოდ 2013 წლის შემდეგ გვაღიარეს მსხვერპლად.
ეს იყო მაშინ ევროპული სტანდარტი. ასე ამართლებდა ამ ფაქტს მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობარი ელჩები, რომლებიც დღეს თურმე აღშფოთებულები არიან, როდესაც სახელმწიფო ლეგიტიმურ უფლებას იყენებს, ახლა ეს არადემოკრატიულია.
მაშინ არც ერთის ხმა არ გაგვიგია და ასეა ახლა დანიაშიც. ამიტომ ვამბობ, არსებობს რაღაც ჩარჩო ხელშეკრულებასავით, კულისებში დაწერილი რეკომენდაციები და პოლიტკონიუქტურა, რომელსაც თუ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, კერძო საკუთრების ხელყოფასაც და ბიზნესის რეკეტსაც ყველა „გაგიპრავებს“ – ოღონდ იმ პირობით, რომ იმ პოლიტკონიუქტურაზე უნდა იყო დამოკიდებული, რასაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით, საიდანაც იმართებიან ის მარიონეტები, რომელთა ერთი ფილიალიც 26 მაისს აქციის ჩატარებას გეგმავს,”-განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
