საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის მადლობას უხდის.
მამუკა ბახტაძის თქმით, მოგერინის განცხადება, რომ საქართველო ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა.
„მადლიერები ვართ საქართველოს ჭეშმარიტი მეგობრის, ფედერიკა მოგერინის მიერ პუბლიკაციაში საქართველოს ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორად მოხსენიებისთვის. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები უმაღლეს დონეს აღწევს და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვისაც“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი Twitter-ის გვერდზე.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დღეს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში საქართველოს ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე სტუმრობა 2018 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის დაასახელა.