ბათუმში მუყაოს ე.წ ოცნების ქალაქში თვითნებურად შესახლებულებისთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ტენდერს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო გამოაცხადებს, პირველ ეტაპზე ათვისებული იქნება 10 მილიონი ლარი. მშენებლობა კი წელსვე დაიწყება.
„ჩვენს მიერ მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის მოცემულ რეალობას და ასობით ადამიანის ყოფას. მუყაოს ე.წ.ოცნების ქალაქში ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს და ოცნების ქალაქი ნამდვილად გადაიქცევა ახდენილი ოცნებების ქალაქად. სახელმწიფო იღებს ხალხზე პასუხისმგებლობას და იწყებს მათი პრობლემების მოგვარებას. ბინების აშენება და გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით. პარალელურად სამუშაო ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს და მოხდება ყველა საკითხის ინდივიდუალური შესწავლა, გადაწყვეტილებები მიიღება სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით. არავის დარჩება უსამართლობის განცდა. ოცნების ქალაქს ახალ სიცოცხლეს შევძენთ.პროცესში ჩართული იქნება არასამთავრობო სექტორიც. უყურადღებოდ არ დავტოვებთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ სხვადასხვა სახელწიფო ფართებში. დღესვე ოცნების ქალაქში დაიწყება მიწის სამუშაოები. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დაევალება პროექტის მომზადება.ასევე მინდა გაცნობოთ, რომ ბრიფინგებს მიეცემა რეგულარული ხასიათი, სადაც შევაჯამებთ განვლილ მოვლენებს და განვიხილავთ დაგეგმილ აქტივობებს,-” განაცხადა რიჟვაძემ.