მინისტრი პრივილეგირებულია რამით? აქვს პრივილეგია? – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვის ფაქტს ეხებოდა. კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს გამოიძიებს.
„სამწუხაროა ის, რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აუცილებლად გამოავლენს და დააკავებს დამნაშავეებს, როგორც ეს სხვა შემთხვევებში იყო”,- განაცხადა კახა კალაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 20 ნომერში გიორგი ქობულიას საცხოვრებელი სახლში ქურდები სავარაუდოდ ღამით შევიდნენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტის გამო მინისტრის მეზობლები გამოკითხეს.
როგორც ქობულიას მეზობლები ამბობენ, ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და მინისტრის ბინიდან საკმაოდ ღირებული ნივთებია მოპარული.
თავად კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, აღნიშნული ფაქტი – მისი პირადი ცხოვრებაა და ის, მოქალაქეობრივ უფლებას იტოვებს, რომ საკითხზე არ ისაუბროს.
„თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ”,- განაცხადა ქობულიამ.