სოფელ დუისში მოქმედი ფონდის, “როდი სკოტის” თანამშრომელი პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებს აფასებს.
მისი თქმით, ჰესის აშენების საწყისებში, ინვესტორი მოსახლეობას ფონდის შექმნას და მისი საშუალებით ხეობის განვითარებას დაჰპირდა. ხანგოშვილი იმედოვნებს, რომ მიმდინარე პროცესებში საღი აზრი გაიმარჯვებს.
“ძალიან გულდაწყვეტილი ვარ შექმნილი ვითარებით, ვისურვებდი, რომ მდგომარეობამ ექსესების გარეშე ჩაიაროს. რაც შეეხება ჰესებს, მე ვესწრებოდი ინვესტორების შეხვედრებს და მან აიღო ბევრ რამეზე პასუხისმგებლობა, ამბობდნენ, რომ ჰესების აშენების შემდეგ შეიქმნებოდა ფონდი და იქ გადარიცხული თანხა მოხმარდებოდა ხეობის განვითარებას, მოგვარდებოდა არაერთი პრობლემა, რაც დაცლის პირას მყოფი ხეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დღეს რაც ხდება, მოულოდნელია ჩემთვის, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ნაწილის მხრიდან თავიდანვე იყო დაფიქსირებული თავიანთი პოზიცია და ამბობდნენ, რომ არ სურდათ ჰესის აშენება, თუმცა, ინვესტორის შეთავაზების შემდეგ ისინი არ ყოფილან ისეთი კატეგორიულები როგორც დღეს. არ ვიცი რა მოხდა ახლა. ვიმედოვნებ საღი აზრი გაიმარჯვებს”, – განაცხადა ასმათ ხანგოშვილმა.
21 აპრილს, პანკისის ხეობაში კომპანიებმა “ალაზანი ენერჯი”-მ და “ფერი”-მ მცირე ჰესის “ხადორი – 3” სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია.
აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კომპანია გეგმავს „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობასაც. ეს უკანასკნელი 30 თვეში უნდა დასრულდეს. ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია.
