„მკურნალობის ერთი თვის თავზე, C ჰეპატიტის ვირუსი აღარ მაქვს!“ – ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ამ პოსტს სიხარულის ცრემლებით ვწერ: ღმერთო, დალოცე და გაახარე ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და შთამომავლობა! გახარებული ვარ, უზომოდ გახარებული და მადლობელი: C ჰეპატიტის ვირუსი აღარ მაქვს! ეს მკურნალობის 1 თვის თავზე! ვინ წარმოიდგენს, რა საშინელებაა, როცა ექიმი ხარ, იცი, რა ვერაგი დაავადებით ხარ დაავადებული და ისიც იცი, რა საშინელი და მტანჯველია ამ დაავადების ბოლო! ჩემთვის აქამდე არსებული პრეპარატებით მკურნალობა არ შეიძლებოდა და ათი წელია, ველოდი, როდის გამოიგონებდნენ პრეპარატს, რომლითაც ვიმკურნალებდი! ვიმკურნალებდი, თუ შევწვდებოდი…
ამიტომ ვლოცავ გულით და სულით ბიძინა ივანიშვილს! ეს მკურნალობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხო, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, სტატუსისა და პოლიტიკური კუთვნილებისა! ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ ძლიერ სახელმწიფოსაც კი არ აუღია თავის თავზე! დალოცე, უფალო, სიკეთის მკეთებელი და მისი მონაგარი! გმადლობთ, ბატონო ჯანდაცვის მინისტრო! გმადლობთ და გაიხარე, თამრიკო გეგეშიძე!” – წერს მაია ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.