რაჭაში, დღეს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე ღონისძიებებით აღინიშნება. ამის შესახებ რაჭა, ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება.
პრესსამსახურის განცხადებით, იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, დღეს, 7 აგვისტოს, 10:00 საათზე, ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს.
14:00 საათზე, ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა მოხდება; 18:00 საათზე, რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება; 19:00 საათზე კი, საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით ქ. ამბროლაურში დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, თეონა დვალი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, ანზორ ხიდაშელი, გიორგი ცაგარელი და ანსამბლი „შვიდკაცა“. გალა-კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. საღამოს მსახიობი კახა მიქიაშვილი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი გაუძღვებიან.
პრესცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოსა და ნიკორწმინდის ეპარქიის ორგანიზებით და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ამბროლაურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართება.