„თუ ლორთქიფანიძე თვლის, რომ ”კანონიერი ქურდი” უნდა დააკავოს, პირველ რიგში დააკავოს სააკაშვილი“, – ამის შესახებ ე.წ. კანონიერმა ქურდმა დავით ჩაჩიბაია-გერლიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
დავით ჩაჩიბაია-გერლიანი წარდგენილ ბრალდების არცერთ პუნქტში თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც გერლიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მის მიმართ განხორციელებულ უკანონობაში ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გია ლორთქიფანიძეს და გივი თარგამაძეს მიუძღვით.
”როდესაც რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს აძევებენ ქვეყნიდან, ადგენენ ან გამოძევების ან დეპორტაციის ოქმს. ჩემი დაკავებისას მქონდა ორი პასპორტი, რომელიც ადასტურებდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე წინაღობის გარეშე შემეძლო გადაადგილება, თუმცა თავხედურად მომიტაცეს და ჩემთვის აიღეს მხოლოდ ცალმხრივი ბილეთი. ლორთქიფანიძე, თარგამაძე, სააკაშვილი არიან ერთი გუნდის წევრები. მშვიდად გადმოვედი საზღვარზე რადგან ვიცოდი, რომ არ მექნებოდა პრობლემა, მაგრამ რომ ჩამოვედი გავიგე, ჩამოსვლამდე სამი საათით ადრე უთქვამს თარგამაძეს – ”კანონიერი ქურდი” ჩამოვიდა, რომელსაც არ აკავებენო. ხომ არ გგონიათ რომ ეს არის საბოტაჟი უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ არჩევნების წინ? თუ ლორთქიფანიძე თვლის, რომ ”კანონიერი ქურდი” უნდა დააკავოს, პირველ რიგში დააკავოს სააკაშვილი, რომელიც ფართოდ იყენებს კანონს და დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადის”, – განაცხადა გერლიანმა.
გერლიანი საქალაქო სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ მისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხზე იმსჯელა.