ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სტარტაპების ხელშეწყობის საკითხში ამერიკელ ექსპერტს კრისტოფერ ფონგს შეხვდა, რომელიც ამ მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონსულტირებას ახორციელებს.
შეხვედრას ასევე დაესწრო აღნიშნული საააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
მისი თქმით, კრისტოფერ ფონგის ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ტექნოლოგიურმა პარკმა ეფექტურად უზრუნველყოს სტარტაპების ხელშეწყობა, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს სტარტაპებს, თუ როგორ გახდნენ კონკურენტუნარიანები.