ვნახეთ პირდაპირ აღიარება, რომ „პოლიტიკური სწავლების სკოლის“ ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებული შეხვედრა უცხოეთიდან დაფინანსებულია. ვნახეთ მთავრობის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ მათთვის არანაირ გრანტზე თანხმობისთვის არ მიუმართავთ, შემდეგ იყო ევროსაბჭოს მედიის ოფისის განმარტება, რომ ეს გრანტი არ იყო. მაშინ რა იყო?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს დაფინანსებით, ბახმაროში გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, გრანტების შესახებ კანონის შესაბამისად, დაფინანსების საკითხზე მთავრობისთვის მიმართვა და თანხმობა არ არსებობდა.
პაპუაშვილის თქმით, აუდიტის სამსახური შეისწავლის, ხომ არ გვაქვს საქმე კანონმდებლობის გვერდის ავლასთან.
„გრანტების შესახებ კანონს როცა ვიღებდით, თავდაპირველ ვერსიაში იყო ვალდებულება, რომ ყველა უცხოურ ხარჯს, მათ შორის ორგანიზაციების პირდაპირ ხარჯსაც მთავრობის მხრიდან თანხმობა უნდა ჰქონოდა. შემდეგ საელჩოების მხრიდან იყო თხოვნა, საჯარო დიპლომატია ასევე საელჩოს საქმიანობაა, ესეც ხარჯებია და ამაზე მთავრობის თანხმობა არ უნდა გვჭირდებოდესო. შესაბამისად, კანონის საბოლოო ვერსიაში აისახა, რომ პირდაპირი ხარჯები თუა, ამას თანხმობა არ სჭირდება. თუმცა მაშინვე, ამ საუბრებში ვეუბნებოდით, იცოდეთ, რომ ეს ეხება იმ საქმეს, რომელიც საელჩოს, თუ ორგანიზაციის უშუალო საქმეა და იმედია, ამას კანონის გვერდის ავლისთვის არ გამოიყენებთ. ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით ეჭვი მიჩნდება, რომ შესაძლოა, აქ საქმე გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლასთან. შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლის მექანიზმია. თუ კი მანამდე ევროსაბჭო გრანტს აძლევდა რადიკალი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის პროექტს, რომ ამ გრანტის ფარგლებში უნდა ჩაეტარებინა შეხვედრები, ახლა განმარტებებიდან ჩანს, რომ გრანტი არ მისცეს. იმ გრანტიდან არმაზ ახვლედიანს სასტუმრო, ავტობუსი და კვება უნდა ექირავებინა, ფული გადაეხადა ექსპერტებისთვის, ვინმე მომხსენებელი თუ ჰყავდა და ა.შ ახლა, ნაცვლად გრანტისა, შესაძლოა, ეს სქემაა, რომ პირდაპირ ევროსაბჭოს ადგილობრივმა ოფისმა იქირავა სასტუმრო, ავტობუსი, გადაუხადა კვების ფული და ფული გადაუხადა ექსპერტებს, თუ მომხსენებლებს. თუკი ეს ასეა, მაშინ აშკარაა, რომ კანონის გვერდის ავლასთან გვაქვს საქმე.
სამწუხაროდ, ჩვენ ნდობა დაკარგული გვაქვს დონორების მიმართ მას შემდეგ, რაც 2023 წელს მოგვატყუეს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ უკან გავიწვიეთ იმ პირობით, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იქნებოდა, გამჭვირვალობის პრობლემა დონორებს არ ჰქონდათ და ყველაფერი გამჭვირვალე იქნებოდა. მოგვატყუეს, ერთი წელი გვაწუწუნეს. ხან ღიად, ხან საჯაროდ მოვუწოდე, „ენჯეოებსაც“ ვეუბნებოდი, თქვენ თავად შექმენით ვებგვერდი და თავად გაასაჯაროვეთ. ერთი წელი მოგვატყუეს და კანონი ამიტომაც მივიღეთ. ვინაიდან ნდობა არ გვქონდა, კანონში არის ნორმა, რომ ხელშეკრულება თუ არის არა გრანტის, არამედ მომსახურების ხელშეკრულება, თავისი არსით ეს გრანტია. მაშინ ეს თვალთმაქცური გარიგებაა, ჩაითვლება გრანტად და იგივე პრინციპები მოქმედებს. ეს ყველაფერი თეთრი ძაფით ნაკერ კანონის გვერდის ავლას ჰგავს. კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუ ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი ამაში აღმოჩნდება გახვეული. ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ, ევროსაბჭო სხვა ორგანიზაცია არ არის. ევროსაბჭო თუ წევრ ქვეყანაში კანონებს არღვევს და კანონების გვერდის ავლას ცდილობს, კატასტროფული სკანდალია ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის. ვნახოთ, დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, ამიტომაც არის აუდიტის სამსახური, რომ ეს ყველაფერი მოიკვლიოს. ეს თუ ასე იყო, შესაძლოა, საჭირო იყოს კანონმდებლობის გადახედვაც. ეს იქნება ჩვენი ხალხის კანონების აბსოლუტური ფეხქვეშ გათელვა. როდესაც ამბობ, ამიკრძალე გრანტები და ახლა მე მოვძებნი სანქციების გვერდის ავლის გზას, შემდეგ ამ ხალხმა ჩვენ უნდა გვასწავლონ ჭკუა, რომ სანქციების გვერდის ავლა არ შეიძლება. ვნახოთ, ამ მოკვლევას რა შედეგები ექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
