„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებმა საქართველოსთვის ერთი მთავარი და საკმაოდ უხერხული რეალობა კიდევ ერთხელ დაადასტურა: კრემლის პოლიტიკური სისტემა არ ქრება და მისი საგარეო კურსის სწრაფ ცვლილებაზე გათვლა ილუზიაა“, – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რუსეთის არჩევნების გამართვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იმის მაჩვენებელია, რომ ჩრდილოელ მეზობელს ამ ორ რეგიონში მხოლოდ სამხედრო ინტერესი არ აქვს.
„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებმა საქართველოსთვის ერთი მთავარი და საკმაოდ უხერხული რეალობა კიდევ ერთხელ დაადასტურა: კრემლის პოლიტიკური სისტემა არ ქრება და მისი საგარეო კურსის სწრაფ ცვლილებაზე გათვლა ილუზიაა. დაახლოებით 60%-იანი ელექტორალური აქტივობა და „ერთიანი რუსეთის“ დაახლოებით 56%-იანი შედეგი (რუსეთის ოფიციალური მონაცემებით) პუტინის ხელისუფლებას კიდევ ერთ პოლიტიკურ საყრდენს აძლევს. მოგვწონს ეს თუ არა, მოსკოვს აქვს რესურსი და პოლიტიკური შესაძლებლობა, გააგრძელოს ის კურსი, რომელსაც პუტინის ხელისუფლება წლების განმავლობაში ატარებს.
საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი უბრალოდ „ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორი“ არ არის. ეს არის უშუალო მეზობელი სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და რომლის სამხედრო-პოლიტიკური ყოფნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩვენი უსაფრთხოების მთავარი პრობლემაა. ამიტომ, თბილისში რუსეთის არჩევნებს მხოლოდ დემოკრატიის ხარისხის ან საარჩევნო პროცედურების ჭრილში ვერ შევხედავთ. ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია კითხვა: ვისთან მოგვიწევს ურთიერთობა უახლოეს რამდენიმე წელიწადში? პასუხი დღესაც იგივეა – სამწუხაროდ, იმავე რუსეთთან, იმავე სახელმწიფო სისტემასთან და, სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში, არსებითად, იმავე პოლიტიკურ რეალობასთან.
ამიტომ, მოქმედი ქართული ხელისუფლებისთვის ყველაზე მძიმე, მაგრამ ყველაზე პრაგმატული ამოცანა სწორედ ეს არის: რუსეთთან ურთიერთობის მართვა ისე, რომ პრაგმატიზმი არ გადაიქცეს პოლიტიკურ კაპიტულაციად, ხოლო დაპირისპირება – ახალ ომად. სავაჭრო, სატრანსპორტო, ტურისტული და სხვა ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება შეიძლება საქართველოს ინტერესებში იყოს, მაგრამ ამას ოკუპაციის ფაქტის გაქრობა არ შეუძლია. პირიქით, რუსეთის არჩევნების ჩატარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოსკოვის პოლიტიკური და ინსტიტუციური გავლენა იქ მხოლოდ სამხედრო ყოფნით არ შემოიფარგლება.
ამიტომ, საქართველოსთვის წითელი ხაზიც მკაფიო უნდა დარჩეს: პრაგმატული ურთიერთობა – კი, ოკუპაციის დავიწყება – არა. უახლოეს მომავალში თბილისს არც რუსეთისგან სწრაფი გარდაქმნის იმედი უნდა ჰქონდეს და არც საკუთარი ინტერესების რუსეთის ფაქტორის გარეშე დაგეგმვა შეუძლია. ომი უკრაინაში დასრულდება თუ გაგრძელდება, საქართველოსთვის ამოცანა იგივე რჩება: თავიდან აიცილოს ახალი სამხედრო ესკალაცია, შეინარჩუნოს ეკონომიკური და კომუნიკაციური არხები, გააგრძელოს პრაგმატული და არა იდეოლოგიური ევროპული მიმართულება და, ამავე დროს, არ დაკარგოს პოლიტიკური მანევრირების სივრცე. რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი საქართველოსთვის სწორედ ეს არის: მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია და დარჩება ამ რეალობის ნაწილად. შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს ეს ფაქტი, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა სურვილებზე კი არა, რეალობის სწორად შეფასებაზე უნდა იყოს აგებული“, – წერს დავით ქართველიშვილი.
