მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახი და ადვოკატები პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
დღესვე ადვოკატებმა პრეზიდენტთან შუამდგომლობის თხოვნით, საპატრიარქოსაც მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზი ციხის საავადმყოფოშია, იქ არ არსებობს შესაბამისი პირობები:
„პრაიმტაიმს“ ძმის მდგომარეობაზე თორნიკე მამალაძე ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ დეკანოზს დამოუკიდებლად ჯდომაც არ შეუძლია:
„5 თვეა ეს ადამიანი პარალიზებული წევს და იურიდიულად მხოლოდ ეს საშუალებაა რომ გათავისუფლდეს. პარალიზებულია, დამოუკიდებლად წამოდგომის საშუალებაც არ აქვს. თებერვლიდან დღემდე წოლით რეჟიმშია, მარჯვენა კიდურები აქვს პარალიზებული, დამოუკიდებლად გადაადგილდება კი არა, წამოჯდომაც არ შეუძლია და ამიტომ მივმართეთ პრეზიდენტს. თებერვლიდან დღემდე პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში ე.წ რეზბალინიცაზე განაგრძობს მკურანლობას“- უთხრა „პრაიმტაიმს“ თორნიკე მამალაძემ.
კითხვაზე, მოინახულა თუ არა რომელიმე სასულიერო პირმა, საპატრიარქოს წარმომადგენელმა ბოლო პერიოდში დეკანოზი, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, ვინადან ძმის სანახავად საპატიმროში თავადაც კვირაში ერთხელ, 1 საათით შედის და ამაზე საუბრის დრო აღარ რჩება. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში, არანაირი კომუნიკაცია მეუფე დიმიტრისთან არ ყოფილა:
„ზუსტად ვერ გაგცემთ პასუხს (სასულიერო პირებმა მოინახულეს თუ არა). როდესაც შევდივარ კვირაში 1 სთ მაქვს და ოჯახის მოკითხვით შემოვიფარგლები და არ გვრჩება დრო სასაუბროდ ვინ შევიდა და ვინ არა. შვილები აინტერესებს და არ გვაქვს მაგაზე ლაპარაკის დრო, ოჯახიდან მხოლოდ მე შევდივარ.
მეუფე დიმიტრიმ, თავისი თავი გადაირჩინა რო არ გარეულიყო ამ საქმეში. სავარაუდოდ უთხრეს რომ თუ ხმას ამოიღებ შენც მიგაჯენთ მამალაძესთანო აქედან გამომდინარე ზის კარგად, მშვენივარდ გრძნობს თავს და საერთოდ არ აინტერესებს დეკანოზის შვილები და მათი მდგომარეობა“. აცხადებს თორნიკე მამალაძე.
მსჯავრდებული დეკანოზის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს მისი ადვოკატიც.
„პრაიმტამთან“ საუბარში მიხეილ რამიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება:
„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა. ციხის საავადმყოფოშია, მაგრამ ექიმების დასკვნით, იქ არ არის ის პირობები რომ საკმარისი იყოს მკურნალობისთვის და იმიტომაა საჭირო, რომ შეწყალებაზე იყოს. საფრთხე ემუქრება როგორც მის ჯანმრთელობას, ისე მის სიცოცხლეს. ვიდრე სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც დარწმუნებული ვარ დეკანოზს გაამართლებს, გვინდა ეს ადამიანი ამ გადაწყვეტილოებას ცოცხალი შეხვდეს.
ეტლითაც კი არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. მძიმე დიაგნოზია და სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს. არ განიკურნება ეგ დაავადება, კერაც ვერ დაადგინეს. ეს არის ინსულტი რომელმაც მარჯვენა ხელ-ფეხის პარალიზება გამოიწვია. შესაბამისად სჭირდება მასაჟები და მთელი რიგი საკითხები, რისი საშუალებაც არ არსებობს ციხეში და ფატალური შედეგით რომ არ დამთავრდეს, შესაბამისი პირობები სჭირდება“ განაცხადა მიხეილ რამიშვილმა “პრაიმტაიმთან“ საუბარში.