გიორგი გახარია არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხედვა, არის ყოველთვის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში, იღებს პასუხისმგებლობებსა და გადაწყვეტილებებს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია ყველა პოზიციასა და თანამდებობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პრემიერის მთავარი, უმთავრესი ამოცანაა, უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას.
„დღევანდელ მოცემულობაში გახარია მესახება იმ კანდიდატად, რომელიც გასცემს პასუხებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებსაც და პრობლემებსაც. ახალი პრემიერის მთავარი, უმთავრესი ამოცანაა, უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას. ეს დაკვეთაა, დაანახოს საზოგადოებას მკაფიო ხედვა ამ ქვეყნის მომავალზე და გააძლიეროს ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამას გახარია შეძლებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს მისი განვლილი კარიერა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს გიორგი გახარია დაასახელა.