“თუ მეუფე იაკობს სურვილი ექნება, გვინდა, პარლამენტში მოვიწვიოთ”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
“საპარლამენტო ფორმატში მოყვეს ყველაფერი, რასაც საჭიროდ თვლის, რათა ნათელი მოეფინოს “ბურუსით მოცულ ისტორიას“. თუ პროკურატურა არ გაინძრევა, კიდევ ერთხელ გამოჩნდება ორმაგი სტანდარტი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. შეგახსენებთ, არშემდგარი მკვლელობის დაგეგმვაზე, თუ შეუსრულებელი მკვლელობის ორგანიზებაზე ამ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების რამდენიმე ძალოვანი პასუხისგებაში ჰყავს მიცემული. რასაც მეუფე იაკობი ამბობს, ხელისუფლების მიერ პატრიარქის გადაყენების მცდელობაა, რომელიც შეიძლება საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყების საფუძველი გახდეს“, – განმარტა უგულავამ.
ცნობისთვის, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები სხვა მეუფეებთანაც გაიმართა.