აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე დარტყმების სერია განახორციელეს, რა დროსაც დაახლოებით 100 სამხედრო ობიექტი და ირანის ორი სახელმწიფო ტანკერი დააზიანეს. CENTCOM-ში იუწყებიან, რომ რაკეტები ტანკერების სამანქანო განყოფილებებს მოხვდა.
Axios-ის მტკიცებით, ტანკერებზე თავდასხმა ვაშინგტონის ახალი სტრატეგიის ნაწილი გახდა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გემებზე ირანის თავდასხმების საპასუხო ზომებს ითვალისწინებს. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-მა ირანულ ტანკერებს დარტყმა უშუალოდ ასეთი თავდასხმების საპასუხოდ მიაყენა.
ირანში განადგურებულ სამიზნეებს შორის იყო საჰაერო თავდაცვის ობიექტები, რადიოლოკაციური სისტემები, საზღვაო ინფრასტრუქტურა, დანაღმვის საშუალებები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კავშირგაბმულობის კვანძები. CENTCOM-ის მონაცემებით, ოპერაცია დაახლოებით 6,5 საათს გაგრძელდა და ძირითადად ჰორმუზის სრუტის რაიონში არსებულ სამხედრო ობიექტებზე იყო კონცენტრირებული.
ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების განცხადებით, 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სარაკეტო თავდასხმისას რაკეტის ნამსხვრევები სამხრეთ ირანში, სერიქში მდებარე იმ სახლს მოხვდა, სადაც ქორწილი იმართებოდა.
საპასუხოდ ირანმა რეგიონში ამერიკული ბაზების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუშვა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მათ სერიოზული ზიანი არ მიადგათ.
