ზოოპარკში ჩოჩორი დაიბადა, – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში წერს.
“ისეთი ჩოჩორი გაგვიჩნდა, ისეთი, უნებურად დაფიქრდება ადამიანი, რატომაა „ვირიშვილი“ სალანძღავი სიტყვა…
ეს პატარა თებროსა და ყარამანის სიყვარულის ნაყოფია. ალბათ ჩვენი გვერდის ახალი მეგობრები დაიბნევიან, ეგენი ვინღა არიანო, ამიტომ ამოვქექეთ თებროსა და ყარამანზე ოდესღაც დაწერილი პოსტები და აქვე დავურთავთ, მეტი სიცხადისათვის:
თებრო ჩვენი ვარსკვლავია. მისი ისტორია კონკიას ზღაპარს ჰგავს. თებრო პოლიციამ მოგვიყვანა. გზაზე ეპოვათ უპატრონოდ. მოვუარეთ, ფერდები შევუვსეთ (დაახლოებით ისე, მაგდანამ რომ ლურჯა გამოზარდა) და ბოლოს იმგვარი ლაზათიანი გოგო დადგა, ფილმში მონაწილეობაც კი შესთავაზეს. დიდხანს არ უფიქრია. მაშინვე დათანხმდა და ასე დაიწყო მისი სამსახიობო აღმასვლა.
თებროს პირველი როლი ვირის როლი იყო დოკუმენტურ ფილმში. ნიჭიერი გოგონა მაშინვე შეამჩნიეს და თეატრშიც მიიწვიეს. თქვენ წარმოიდგინეთ, თვით სანჩო პანსას ვირის როლი ითამაშა „დონ კიხოტში“ (ეს როლი ისეთივე საოცნებოა ალბათ ვირებისთვის, როგორც, მაგალითად, ქალი მსახიობებისთვის – ჯულიეტა). თებროს კარიერული მწვერვალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი იყო. ალბათ არასოდეს დაავიწყდება ის დღე, როცა ამ დიდ სცენაზე შედგა ჩლიქი…
ყარამანი, ჩვენი შავი ვაჟკაცი ახალგაზრდობაში დიდი ჩხუბისთავი იყო. როცა მარტორქასთან ცხოვრობდა, გაქანდებოდა და წიხლებს უშენდა ჩვენს ბუნჩულა მარტორქა მანუელას. სასწრაფოდ გავარიდეთ შარს და ლამებთან გადავასახლეთ. იქ კიდევ, არიქა, ეს კახელი კაცი ამ გადამთიელ გაბურძგნულებთან ერთად მარტო რად დამტოვეთო და მორთო სასოწარკვეთილი ყროყინი.
იმდენი იყვირა, ბოლოს უმშვენიერესი, თვალებფახულა თებრო (ისიც ვირი, რასაკვირველია) შევუსახლეთ გამოსასწორებლად. როგორც მოსალოდნელი იყო, ლამაზი ქალის დამამშვიდებელმა ეფექტმა არ დააყოვნა. ჩვენი ჩხუბისთავი და ყროყინა ყარამანი უმალ მშვიდ, უწყინარ არსებად გადაიქცა და მას შემდეგ პატიოსანი ვირისთვის შესაფერის უშფოთველ ცხოვრებას ეწევა.
ჭირი იქა, ლხინი აქა, ფქვილიც აქ და ქატოც აქა, ვირების საკვებად გამოგვადგება”, – წერია ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე.