18 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დაკავებულმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა გორის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან სასჯელის სახით 12-დღიანი პატიმრობა მოიხადა.
პოლიციის შენობასთან მას მეგობრები და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები სიმღერებით დახვდნენ და ამ ფორმით გაამხნევეს კიდევ ერთი აქტივისტი ბექა ბასილაია, რომელიც საპატიმროდან დღეს გათავისუფლდება.
გიგა მაქარაშვილი თბილისში ჩასვლას ფეხით აპირებდა, თუმცა იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე უნდა იყოს და გზაში 2 დღეს ვერ დაკარგავდა. საპროტესტო ტალღას თბილისში ის უკვე დღეს შეუერთდება.
18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სულ 37 ადამიანი დააკავეს.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.
მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.