სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ მიიღებს ექსპერტიზის შედეგი, რომლითაც დასტურდება, რომ თამთა თოდაძისა და მისი დედის ჩვენები არის იდენტური და დაკოპირებული.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარის ერთადერთი მთავარი მტკიცებულება დაინგრა.
“უკვე იწყება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი და ბუნებრივია, დღეს უნდა დაეფიქსირებინა პროკურორს საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ მტკიცებულებასთან მიმართებით. მან დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება დროებთან მიმართებით და სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად ცნო და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს. აღნიშნული ექსპერტიზა არის პირდაპირი პასუხი იმისა, რომ ერთი პირის მხრიდან არის შესრულებული თამთა თოდაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება და მასთან ერთად დედის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც არაპირდაპირი მოწმეა. ცნობილია, რომ ბრალდების დადგენილება დაეყრდნო ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას, თამთა თოდაძის ჩვენებას, რომელიც მან გამოძიებას მისცა. აღნიშნული ჩვენება გახლავთ არასარწმუნო, პირდაპირ წერია ამ დასკვანაში, რომ კოპირების გზით არის შესრულებული ერთი ადამიანის მიერ, ანუ გამომძიებელი უთითებდა, გამომძიებელმა დაწერა, მას არ მოუსმენია თამთასთვის, განავრცო, სამართლებრივად დაასაბუთა, დაამძიმა და აქედან გამომდინარე წარუდგინეს ილია ჯიშკარიანს ბრალი.
სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს აღნიშნული მტკიცებულება. ერთადერთი მთავარი მტკიცებულება დაინგრა. ბრალდების მხარის საქმე, რომელიც დაყრდნობილია ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას – თამთა თოდაძის ჩვენებას. დასკვნა გვეუბნება, რომ თამთა თოდაძის ჩვენება არის კოპირების გზით შესრულებული, მისი დედის ჩვენებასთან იდენტურია და რას უნდა ნიშნავდეს აღნიშნული, თუ არა გამომძიებლის უფლებამოსილების გადამეტებას, მისი მხრიდან მითითებას, რის საფუძველზეც შეიქმნა ბრალდების დადგენილება? – ეს არის პირდაპირი დარღვევა. სასამართლო იმსჯელებს და განაჩენში აისახება ეს ყველაფერი. სხვა მტკიცებულებები წარვადგინეთ, რომელ საათზე დარეკა თამთამ 112-ში, ჰქონდა თუ არა მას დრო იმისთვის, რომ მოეფიქრებინა გამოსავალი, შეექმნა დედასთან ერთად გარკვეული ვერსია, მას ჰქონდა გონივრული დრო, რომ მოეფიქრებინა ვერსია, როგორ დაებრალებინა, შეეტრიალებინა ილია ჯიშკარიანისთვის აღნიშნული დანაშაული”, – განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, ის მომხრეა, რომ თამთა თოდაძემ პასუხი აგოს და მას ზიანის ანაზღაურება დაეკისროს.
შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. მომდევნო სასამართლო სხდომა 14 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება.