კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხეზე გაწმენდითი სამუშაოები იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეროვნული კატეგორიის ძეგლის ტერიტორიის გაწმენდის პროექტი მოიცავს მიწის ფართობის გასუფთავებას ბიოსაფარის, ნაგვის, მიწაყრილისგან და ჩამოშლილი ქვებისგან. გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება, რაც არქიტექტურულ კომპლექსზე არქეოლოგიური ფენების დაზიანების რისკს გამორიცხავს და პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ საკონსერვაციო არქიტექტურულ ფორმებს დააგენს.
პროექტი სააგენტოს დაფინანსებით წარიმართება, რომლის დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო პროექტი მომზადდება.
უწყება განმარტავს, რომ ტერიტორიის გაწმენდისას საფორტიფიკაციო ნაგებობის სტრუქტურული წყობიდან ჩამოშლილი ქვები გადაეწყობა და კედლების კონსერვაციისთვის ხელახლა გამოიყენებენ. კომპლექსს ორ ხესაც მოაშორებენ. რომელიც მის კედლებს აზიანებდა.
ამასთან, სხვილოს ციხის რეაბილიტაციის პროექტი, არქიტექტურული კომპლექსის ტურისტული დატვირთვის მიზნით, სამომავლოდ მის ინფრასტრუქტურულ მოწყობასაც გაითვალისწინებს.
სარეაბილიტაციო ეტაპზე პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობაც ჩაერთვება.
ეროვნული კატეგორიის ძეგლზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყების პროცესს დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრნენ.
სხვილოს ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა შიდა ქართლში. მაღალი მთის ქედზე აღმართული ციხე აგებულია XIV საუკუნეში. არქიტექტურული კომპლექსი წარმოადგენს წაგრძელებულ, ოთხკუთხედის ფორმის ნაგებობას, რომელსაც ერთადერთი ვიწრო შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. ციხის კედლების სიმაღლე 11-14 მეტრს აღწევს, სისქე კი, ორ მეტრს. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები. ციხეს მინიჭებული აქვს ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.