არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე” გამოეხმაურა.
„ორი წლის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა. დღეს ჩვენი ერი ამ დიდ ტრაგედიას იხსენებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და მომავალში მსავსი ტრაგედიები აღარ მოხდება“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. დღეს წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.