2019 წელი მომღერალ თამარ ჭოხონელიძისთვის საკმაოდ რთული გამოდგა. ამ წელს მან 5 ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა და თავს ბოლომდე ჯანსაღად დღემდე ვერ გრძნობს.
ჯანმრთელობის პრობლემას საპატრიარქოსთან დაძაბული ურთიერთობაც დაემატა, რომელიც იქამდე მივიდა, რომ საუფლო დღესასწაულზე, შობადღეს, სამების საკათედრო ტაძარში გალობაზე, რომელსაც, ტრადიციულად, ასრულებდა, უარი უთხრეს. 10 წელზე მეტი ყველა შობას და აღდგომას ქვეყნის მთავარ ტაძარში მისი და მისი შვილის, მარიამ როინიშვილის, ხმა ისმოდა, რომელსაც ბოლოს მარიამის შვილის, პატარა ელენე მახარაძის, საოცარი გალობაც დაემატა.
თამრიკო ჭოხონელიძეს ეკლესიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა 2019 წლის 17 მაისს დაეძაბა, როდესაც პატრიარქ ილია II-ის მიერ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიმღერა არ ისურვა და ეს იმით ახსნა, რომ ამავე დღეს ლგბტ თემი სექსუალური უმცირესობის დღეს აღნიშნავს და სხვადასხვა მხარეს დგომა მდგომარეობას გაამწვავებდა, ერს კვლავ ერთმანეთს დააპირისპირებდა.
მაშინ ითქვა, რომ თამრიკო ჭოხონელიძეზე საპატრიარქოში ისე გაბრაზდნენ, მომავალ საუფლო დღესასწაულზე ტაძარში გალობის უფლებას აღარ მისცემდნენ, რაზეც მაშინ თამრიკო ჭოხონელიძემ “სარკეს” უთხრა:
“მოვა შობა და ნახავთ, რა და როგორ იქნება! ეს იმ ხალხის მოგონილია, ტროლებს რომ ეძახიან. აბსურდი და ტყუილია, რომ პატრიარქი განაწყენდა და ჩვენ აღარ გვექნება უფლება, ვიგალობოთ. ამასაც ვნახავთ! ამ ყველაფერს გავარკვევ და მსგავსი გაურკვევლობა თუ მოხდება, აუცილებლად შევატყობინებ საზოგადოებას”.
მუსიკოსი ასეც მოიქცა და “სარკეს” უყვება, თუ რატომ არ მისცეს ტაძარში გალობის უფლება.
თამრიკო ჭოხონელიძე: აღარ მოგვცეს საშუალება, რომ ტაძრიდან გვეგალობა, თორემ სახლში ვიგალობე გადასარევად. მანამდე ჩვენ ყოველთვის გვიკავშირდებოდა სამების გუნდის რეგენტი, სიმონ ჯანგულაშვილი. ამჯერად, 7 იანვარს დიდი ბოდიშით დამირეკა და ამიხსნა, რომ ჩემი პოზიციის გამო, რომელიც დღემდე სამართლიანად მიმაჩნია და სწორედ უფლის წინაშე ვარ ამ პოზიციით მართალი, დიდი ვნებათაღელვა იყო საპატრიარქოში და უარი თქვეს, მე და ჩემი ოჯახის წევრებს სამებაში გვეგალობა.
ბატონ სიმონს ძალიან ეუხერხულებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა და მორიდებით მითხრა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღესო. ვფიქრობ, ეს ჩემი პრობლემა არ არის. თან გაიჟღერა ფრაზამ, შენდობა ითხოვოს, რადგან სხვებმა ითხოვესო. “არა კაც კლა” – მე მხარი ამას დავუჭირე. სხვებს ალბათ ჰქონდათ სათხოვარი შენდობის თვალსაზრისით, მაგრამ მე შესანდობი არაფერი მაქვს.
მხარს ვერასოდეს დავუჭერ იმას, რომ, რადგან ვიღაცას ვიღაც არ მოსწონს, ამის გამო ის შეიძლება ჩაქოლონ. შენდობას ვერავის ვთხოვ იმის გამო, რომ ადამიანის ჩაგვრის წინააღმდეგი ვარ. ამას გვასწავლის ჩვენი სარწმუნოება და არ ვიცი, ვინ გავანაწყენე.
ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის პატრიარქის მოსაზრება. რამდენჯერმე ვითხოვე პატრიარქთან შეხვედრა, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. მინდოდა, მისთვის პირადად მეთქვა ჩემი მოსაზრება და დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად სწორად გამიგებდა.
მე მაქვს ჩემი პოზიცია და არავის მონა არ გახლავართ. ბრმად გაყოლა არ შემიძლია და თვითონ პატრიარქსაც არ უყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აზროვნებენ.
სოციალურ ქსელში ჩემი მისამართით ათასნაირი შემოტევა დაიწყო და ის ადამიანები მეცოდებიან. ბევრი ტროლია, მაგრამ ჩემი მეგობრები დაინტერესდნენ, რომლებიც ამ საკითხზე ჩემზე მეტად ღელავენ და აღმოაჩინეს, რომ ვინც ჩემზე ათას სიბინძურეს წერს, ყველას მოძღვრებთან ერთად აქვთ ფოტოები გადაღებული.
მაინტერესებს, მათ მოძღვრები ეუბნებიან, რომ ასეთი განკითხვა ცუდი საქციელი და მათთვის მომაკვდინებელია?!
მე კი ამავე დროს ჩემს შვილიშვილებთან და დებ ლეკვეიშვილებთან ერთად შევასრულე საშობაო სიმღერა, რომელსაც იმდენი ნახვა აქვს, მილიონ 200 ათასს ასცდა. ჩემთვის ეს არის ხალხის სიყვარულის დასტური. მე ამ თემას არ ვართულებ და ყველას ვთხოვ, ნურც სხვა შეეცდება, ხალხის თვალში დამნაშავე და პატრიარქის მოღალატე გამომიყვანოს.
პატრიარქისთვის არასოდეს მიღალატია და არც არასდროს ვუღალატებ. პატრიარქი მუდამ სიყვარულს და იმას ქადაგებს, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც მის გზას მიჰყვება. მან იკითხოს, ვინც თვითონ ღალატობს პატრიარქს სწორედ ასეთი განკითხვებით.
– ფიქრობთ, პატრიარქმა არ იცოდა ეს ამბავი? ბოლო–ბოლო ტაძარში მოგისაკლისებდათ, თქვენს ხმას რომ ვერ გაიგონებდა.
– კი, მაგრამ ამას მე ვინ მეტყოდა, ჩემამდე ეს ამბავი რას მოვიდოდა?! არ ვიცი, ვის, მაგრამ ვიღაცას უნდოდა ჩვენ შორის განხეთქილება, რასაც ვერ მოესწრებიან. მერე რა, მე რომ არ ვიგალობე?! ულამაზესი ხმებია საქართველოში და ამით არაფერი შავდება. უბრალოდ გული მწყდება, რომ ვიღაცამ არასასიამოვნო მარცვალი ჩააგდო ჩემსა და საპატრიარქოს შორის და დარწმუნებული ვარ, უწმინდესამდე ბევრი ინფორმაცია არც მიდის.
პატრიარქთან მისაუბრია და ვიცი მისი პროგრესული აზროვნება. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ იცის და, ჩემს მოსაზრებას რომ ვეტყვი, არაფერში დამადანაშაულებს. ვინც უნდა გამლანძღოს, მაინც არავის დავუპირისპირდები და სულგრძელად მოვითმენ ყველაფერს.
– საუფლო დღესასწაულებზე რამდენი წელი იგალობეთ?
– ზუსტად არ მახსოვს, 10 ან მეტი და არც ერთი დღესასწაული არ ჩაგვიგდია. პატრიარქმა თავის დროზე მთელი ჩვენი ოჯახი ჩაიხუტა. ეს ყველაფერი მამაჩემისგან მოდის. მამა იყო ის ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართულ გალობაზე მუშაობა. ეს იყო მაშინ, როდესაც დევნიდნენ რელიგიას და იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში შედიოდნენ.
პატრიარქი მას ძალიან აფასებდა. მერე მე ჩამიხუტა, მერე – მარიამი. მარიამმა “კირიე ელეისონ” რომ იგალობა, ამის მერე თავისი ბევრი საგალობელი პირველად მარიამს ამღერა.
მე და მარიამი საგალობელთან დაკავშირებით წავედით კიკეთში – პატიარქი იქ ისვენებდა. ჩემი შვილიშვილი, ელენე, ერთი წლის იყო, დამტოვებელი არ გვყავდა და თან წავიყვანეთ. ელენე იმ ტახტზე აღოღდა, სადაც პატრიარქი ხშირად ისვენებდა. შევცბუნდი და გავიწიე, რომ ჩამომესვა. მითხრა, გაუშვი, აქ სწორედ ასეთი ანგელოზი უნდა იჯდესო. ელენეს კურთხევა, რომ იტყვიან, იქიდან მოხდა. როცა ელენე ამღერდა, სიმონ ჯანგულაშვილმა მითხრა, ძალიან მინდა, ელენეს ხმაც ისმოდეს ტაძარშიო. ეს პატრიაქსაც ძალიან ესიამოვნა და მას მერე ერთად ვგალობდით.
პატარა გოგო, ლიზი ჩიჩუა, გალობდა რამდენიმე წელი ჩემთან ერთად, მაგრამ არავის გაუმახვილებია ამაზე ყურადღება. ლიზა რომ წამოიზარდა, მერე ჩემმა ელენემ იგალობა. ამ გალობას ძალიან უხდება პატარა ბავშვის ხმა.
წელს “კირიე ელეისონი” ეკა კიკნაველიძემ იგალობა, რომელიც ძალიან კარგი გოგოა და სასიამოვნოდ გალობს. ალბათ სხვებიც იგალობებენ და ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. საკუთარ თავს დასჯილად არ ვთვლი, რადგან სახლში, ჩემს ტაძარში ვახერხებ გალობას.
– თუმცა, როცა მთელ ქვეყანას ესმის უფლის საგალობლად აჟღერებული შენი ხმა, ალბათ სხვა ემოციაა.
– ძალიან ამაღლებული განცდა და განწყობაა, მაგრამ არა უშავს. “იავნანა” რომ ვიმღერე, ვამბობდი, ყველა დედის სათქმელი მათქმევინა უფალმა, ეს პატივი მერგო-მეთქი და ასევე იყო ტაძარში გალობაც. უფრო დიდი არეალი იყო იქ, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიამოვნება მივიღე, როცა ჩემს შვილიშვილებთან ერთად სახლში ვიგალობე. ამით არავის არაფერი დაკლებია. მე არავისტი ვარ.
თავის დროზე, როცა ნაციონალებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს და ამას თავადაც აღიარებენ, რა თქმა უნდა, ყველა იმ საღად მოაზროვნესთან ერთად ვიდექი, ვინც თვლიდა, რომ ახალი სისხლი იყო საჭირო. ამ 7 წელში კი ბევრი კითხვა გამიჩნდა. უამრავი მოუწესრიგებელი სფეროა ქვეყანაში, ამდენი მოშიმშილე ბავშვი და ემიგრანტი გვყავს. დასაძრახია, რომ კითხვები მაქვს?!
ახლა დამძახიან, უგალობოს გვარამიასო (ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ავტ.). გვარამია მხოლოდ ერთხელ ვნახე, როცა შემომთავაზა ჩემი რუბრიკის “ერთი სიმღერის ამბავი” იდეა და ეს ძალიან გამიხარდა, რადგან მან გამოიჩინა პატივისცემა ქართული სიმღერისა და მისი ისტორიის მიმართ. სხვას რომ შემოეთავაზებინა მსგავსი რამ, აუცილებლად იმ სხვასთან, იმ არხზე წავიდოდი.
ნიკამ კარგად იცოდა ჩემი დამოკიდებულება ნაციონალების მიმართ, რადგან არაერთხელ გამომითქვამს მათი მისამართით უკმაყოფილება. მან რომ შემრიგებლური პოზიცია დაიჭირა, ძალიან მესიამოვნა. სირცხვილია, ერთმანეთზე რომ ვართ გადამტერებულები. გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად რომ გავედი ჩემს შვილიშვილებთან ერთად და ვიმღერე, დღემდე ვფიქრობ, რომ ვისაც ქვეყანა უყვარს, მაშინ იქ უნდა მდგარიყო!
მაშინ ხმამაღლა ვეუბნებოდი ჩემს შვილიშვილებს, როდესაც შენს სამშობლოს შეურაცხყოფას მიაყენებენ, იქ უნდა იდგეთ-მეთქი. მე იქ ცრემლმორეული ვიდექი და ამ დროს ვიღაც უგნურმა ისიც კი მითხრა, შვილიშვილებს შენი შერცხვებათო. პირიქით, ჩემი შვილიშვილები იამაყებენ, რადგან მივეცი საშუალება, დაენახათ, რომ, როდესაც ქვეყანას უჭირს, ქართველები ერთ მუშტად იკვრებიან.
– მარიამს, პატარა ელენეს როგორ აუხსენით, რომ წელს ტაძარში ვერ იგალობებდით?
– ბავშვები საერთოდ ვერ მიხვდნენ. არც უკითხავთ, რატომ არ ვართ ტაძარშიო. მეორე დღეს კი ტელევიზიის საშუალებით ვიგალობეთ. ყოველ წელიწადს ზღვარს სცდება ჩვენ მიერ შესრულებული საშობაო სიმღერის ნახვებისა და გაზიარებების რაოდენობა. ზუსტად ამიტომ, ვერავინ მომერევა!
შობას გურული კვერები გამოვაცხვე კვერცხით. უგემრიელესი გამომივიდა და ყველამ მომიწონა. ბევრს ვაცხობ და მეგობრებს, ახლობლებს ვუნაწილებ, რომ ყველას შეხვდეს გულით გაკეთებული ჩემი კვერები. შობაღამეს სანთელი გვენთო ფანჯარასთან და მთელი რიტუალი ლამაზად შევასრულეთ, ვევედრეთ ღვთისმშობელს მისი კალთის ქვეშ ყოფნა და გულწრფელად მჯერა, რომ დამიფარავს უგუნური ადამიანების დარტყმებისგან.
– პატარა ელენე სერიალ “იდეალურ დედაში” მონაწილეობს, საოცრად ნიჭიერი გოგონაა.
– თავმდაბალი ბავშვია. რცხვენია, როდესაც ქუჩაში აჩერებენ და ეუბნებიან, მინდა, შენთან სურათი გადავიღოო. ჩვენი გოგო ძალიან პოპულარულია. ერთხელ ქალმა გააჩერა, რომელიც შვილთან ერთად მოდიოდა და სთხოვა, ბავშვს უნდა, შენთან ფოტო გადაიღოსო. კი დადგა სურათის გადასაღებად, მაგრამ დაიძაბა. ვუთხარი, გაიცინე-მეთქი. გაიღიმა და, რომ მორჩა ეს ამბავი და ხელი მოვკიდე, სულ სველი ჰქონდა ხელისგული ნერვიულობისგან.
ემოციური ბავშვია და ვცდილობ, უარყოფითი ამბები ავარიდო და თუნდაც ის, რომ მე რაღაცაზე გული მეტკინა. თბილი და ყურადღებიანი ბავშვია. ჩემი ვაჟის, კოკოს, შვილთან, ბიძაშვილ მარიამთან ერთად იმღერა ახლა საშობაო სიმღერა.
– ანუ პატარა მარიამ როინიშვილიც აამღერეთ?
– დიახ, ის არის მარიამ როინიშვილი უმცროსი, მამიდის სახელი ჰქვია. მისმა დედიკომ გადაწყვიტა ასე. პირველად საჯაროდ გავრილოვის ღამეს გამოვედით და “საქართველო, ლამაზო” ვიმღერეთ. ამ საშობაო სიმღერის დროს კი დები ლეკვეიშვილებიც იყვნენ. მარიამმა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო სიმღერა. ჩვენს ხელში სხვაგვარად როგორ იქნებოდა?!
განსხვავებული ნიჭიც აქვს – ფანტასტიკურად თამაშობს ჭადრაკს. ჭადრაკის აკადემიაში ჩაირიცხა და ძალიან ბედნიერი იყო. დაფინანსება თავის თავზე აკადემიამ აიღო, როგორც ერთ-ერთი გონიერი ბავშვის. ახლა გახდა 6 წლის, სკოლაში ჯერ არ დადის. კითხვა უკვე შესანიშნავად იცის და ისე არ დაწვება, წიგნი არ წაიკითხოს.
მთავარია, ჩემს შვილიშვილებს სიყვარულის უნარი აქვთ. იმედი მაქვს, მათი პირიდან არასოდეს ამოვა სალანძღავი სიტყვები, რადგან ისინი ოჯახში იზრდებიან, სადაც მხოლოდ სიყვარული მზეობს.
– ზაფხულში მძიმე ოპერაცია გადაიტანეთ თირკმელზე. ჯანმრთელობის მხრივ ახლა როგორ ხართ?
– მას მერე კიდევ დამჭირდა ოპერაციები. ხუთჯერ გამიკეთეს ნარკოზი. მთელი 7 თვე ძალიან ცუდად ვიყავი. 25 ოქტომბერს და ბოლოს კიდევ 21 ნოემბერს გამიკეთეს ოპერაციები. ლამის თირკმელი დავკარგე. სეფსისი განვითარდა და ურთულესი მდგომარეობა მქონდა. ბოლო დროს ყველაფერზე მეტირება და შვილებმა “ფეისბუქიც” გამიუქმეს. ცდილობენ, არაფერი წავიკითხო, მაგრამ მაინც მოდის ჩემამდე ეს ამბები და ვღელავ.
ეტყობა, ახლა არ უნდოდა ჩემი წაყვანა უფალს და გადავრჩი. ჩემმა შვილებმა ძალიან ბევრი ინერვიულეს. ავადმყოფობის გამო არც ჩემი რუბრიკა გადიოდა მუდმივად. გასულ წელს ძალიან გამიჭირდა, ახლა არა მიშავს, მაგრამ ჯერ კიდევ სუსტად ვარ.