ბოლო პერიოდში, ამერიკამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა, კოვიდ 19-თან მიმართებაში. უამრავ გარდაცვლილთა ფონზე, ბევრი დაინფიცირებული და ახალი შემთხვევა ფიქსირდება. მომღერალმა და მსახიობმა ნუცა შანშიაშვილმა, რომლიც პანდემიის ეპიცენტრში, ნიუ–იორკში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში დადო ვიდეო, სადაც ამბობს, რომ მან ეს ვირუსი, ჯერ კიდევ მის გამოჩენამდე გადაიტანა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა შანსი, შედარებით უსაფრთხო ქვეყანაში – საქართველოში დაბრუნებულიყო, უარი განაცხადა ჩამოფრენაზე და ამერიკაში დარჩენა ამჯობინა. ჩვენ ნუცას დავუკავშირდით და იქაური ამბები გამოვკითხეთ.
ნუცა შანშიაშვილი: ამერიკა – ეს ქვეყანა ჩემთვის ულევ ენერგიასთან, დიდ ბედნიერებასთან და ოცნებების ახდენასთან ასოცირდება. ამერიკაში გავთხოვდი, ამერიკამ მაჩუქა შვილი და ამერიკამ მაჩუქა ბროდვეიზე კონცერტი, რომელიც არა მარტო ჩემი, არამედ ყველა მომღერლის ოცნებაა. ფაქტობრივად, ყველა გააზრებული და ძვირფასი ოცნება, ნიუ-იორკში ავიხდინე. მოკლედ, ეს ის ქალაქია, სადაც დავიწყე სურვილების ასრულება და აქ დავრწმუნდი იმაში, რომ თუ ადამიანს შეგიძლია, აუცილებლად მიაღწევ. არაფრისთვის რომ არ მიმეღწია, ამერიკა იმდენად ენერგიული ქვეყანაა, ქუჩაში რომ გამოვდივარ, ენერგიით ვივსები და მანჰეტენზე გასეირნებაც კი მყოფნის, მივიღო ის უდიდესი ენერგია, რასაც ვერსად მივიღებ, შევისუნთქავ და აღვიქვამ.
– ახლა, პანდემიის აფეთქების ფონზე, როგორია ეს ქოთქოთა, ენერგიული და ოცნებების ამხდენი ქვეყანა და კერძოდ, ნიუ–იორკი, სადაც იმყოფები?
– მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკური და ჭკვიანი ადამიანი ვარ, ამავე დროს, აბსოლუტურად არაადეკვატური და ნიუ-იორკიც, ჩემნაირი ქალაქია – გადარეული და არაადეკვატური. ყოველ წუთს მეცვლება ხასიათი, ქმედება და ეს ქალაქიც ასეთია –არაპრონოზირებადი. ნიუ-იორკი, როგორც დედამიწის პატარა ბოძი, ხომ ყველაფერში ჩემპიონია და დღესაც, ვირუსის პანდემიის დროს, ჩემპიონი გახდა – პირველი ადგილი აიღო და გადაასწრო ყველას და ყველაფერს ინფიცირების რაოდენობით. დღეს აქ უმძიმესი სიტუაციაა და ციფრებს აღარ ვუყურებ, როცა გარდაცვლილებსა და დაინფიცირებულებზეა საუბარი. ჩემს რაიონში ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და მათი გაკონტროლება რთულია. სევდიანი სანახავია, ასეთი დაცარიელებული ნიუ-იორკი ჩემი ფანჯრიდან და ფოტოებიდან. დაპაუზების ენერგია ტრიალებს, მაგრამ კარგის მოლოდინი მაქვს, რადგან ჩემ გარშემო პანიკა და ქაოსი არ შეინიშნება. მიუხედავად ამ პაუზისა, რასაც ახლა არა მარტო ამერიკა, არამედ მსოფლიო განიცდის, თითქოს დედამიწა და სამყარო ისვენებს ჩვენი ამდენი ქაოსისა და არანორმალურობისგან.
– რით ივსებ იმ ენერგიას, რასაც ნიუ–იორკის ქუჩებიდან იღებდი და რამდენი ხანია, რაც სახლში ხარ?
– აბსოლუტურად არ შემხებია კარანტინი. პრინციპში, ჩვეულ რიტმში ვაგრძელებ ცხოვრებას. ქუჩაში სეირნობა კი მიყვარს, მაგრამ მე ხელოვანი ადამიანი ვარ და ეს ქუჩაც ჩემი ილუზიაა და ჩემს შემეცნებაშია. ჩემი საზრდო და საკვები ხელოვნებაა, ის სამყარო და ენერგია, რაშიც 24 საათის განმავლობაში ვიმყოფები. დილით ვიღვიძებ და თვალს გავახელ თუ არა, ჩემს თავს დადებითისკენ ვაპროგრამებ – აუცილებლად ვკითხულობ „მამაო ჩვენოს“, შემდეგ ვსვამ ერთ ჭიქა ცხელ წყალს, ვაყოლებ ჯინჯერისა და თაფლის ნაზავს, რომელიც იმუნიტეტის „ბომბია“, ვაკეთებ ვარჯიშებს, მიხეილ ლაიტმანის ლექციებს ვრათავ და ვუსმენ, ამის მერე, ვსვამ ვისკიან ყავას. მერე, თუ საჭიროა, საყიდლებზე გავდივარ ან სახლის საქმეებს ვაკეთებ, ან ვხატავ, ან ვწერ, ან მუსიკას ვქმნი. საღამოს კი, ფილმს ჩავუჯდები ხოლმე და ძილის დროც მოდის.
– ანუ, კორონავირუსმა შენი გეგმები და ყოველდღიურობა არ შეცვალა?
– გეგმები შეცვალა, მაგრამ ჩემი შინაგანი ბუნება და პიროვნული დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ – ვერა. მაგალითად, გრანდიოზული კონცერტი იყო დაგეგმილი 26 აპრილს, რომლისთვისაც ვემზადებოდი და ეს ყველაფერი გადაიდო. ასევე, გამოფენა მქონდა დაგეგმილი და ესეც ვერ მოვასწარი. თუმცა, ვიაზრებ შექმნილ სიტუაციას და ვეგუები ამ ყველაფერს. ვცდილობ, მშვიდად ვიყო, თან, ძლიერი ფსიქიკა მაქვს. ახლა ვალაგებ ჩემს თავთან ურთიერთობას და ნერვების აშლის დრო არ მაქვს.
– სოციალურ ქსელში დადე ვიდეო, სადაც საუბრობ, რომ შენ და შენმა შვილმა, სავარაუდოდ, კოვიდ 19 მოიხადეთ. თუმცა, გამოკვლევამ ეს არ დაადასტურა და რა გაძლევს ამის საფუძველს?
– თებერვალში ფლორიდაში წავედით დასასვენებლად და იქ მთელი ხუთი დღე ბავშვს ორმოცი ჰქონდა სიცხე. ისე ცუდად იყო, ლამის ხელში
ჩამაკვდა. მაღალ სიცხეს, თავისა და მუცლის ტკივილი, სისუსტე, ღებინება და კუჭის აშლაც დაერთო. მკვდრის ფერი ედო, თუმცა, ხველება და სურდო არ ჰქონია. მეგონა „ღორის გრიპი“ სჭირდა. წავიყვანე საავადმყოფოში, ათიათასდოლარიანი ტესტები გავუკეთე, თავიდან ბოლომდე გასინჯეს და არაფერი სჭირს, ჯანმრთელია, მაგრამ ფაქტია, რაღაც ვირუსია და გაუვლისო – ასეთი პასუხით გამოგვისტუმრეს. იმ კლინიკის პროფესორმა კი მითხრა: ასეთი ვირუსი მე და ჩემს ცოლს რვა დღე გვქონდა, ვერ ვდგებოდით ფეხზე და მერე გაგვიარაო. ნიუ-იორკში რომ ჩამოვედით, ერთ კვირაში საქეიფოდ წავედი, კარგად გავერთე, ვიმღერე, მოვილხინე, გავცივდი და იგივე დამემართა მეც ანუ, ნიკუშას მერე, მეცხრე დღეს დამეწყო და ლამის მოვკვდი. ხუთი დღე მარტო გამოვიკეტე ოთახში და არავის ვუშვებდი, ჩემს თავს თავად ვმკურნალობდი ნემსებით, აბებით და სანთლებით. სავარაუდოდ, არ არის გამორიცხული, მეც და ჩემმა შვილმაც კორონავირუსი გადავიტანეთ, თორემ სხვა დროსაც გავმხდარვარ ცუდად, მაგრამ ასეთი არასოდეს დამმართნია. მართლა სიკვდილს ჩავხედე თვალებში. 49 წლის ვარ და მსგავსი არაფერი მიგრძნია. მაკანკალებდა და თითქოს ნაწლავებს მგლეჯდნენ, ძალა არ მქონდა, ვერ ვდგებოდი… 38-39 მქონდა სიცხე, თავის ტკივილი… ხუთი დღის შემდეგ კი გამოვკეთდი, რამდენიმე დღე, გაციების სიმპტომები დამიტოვა მხოლოდ და გაქრა. არ ვიცი, რა მჭირდა, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებ, დარწმუნებული ვარ, მე და ჩემმა ბიჭმა კორონავირუსი გადავიტანეთ. თუმცა, ვისთან ერთადაც საქეიფოდ ვიყავი, საბედნიეროდ, არცერთს არ ჰქონია მსგავსი სიმპტომი. ძალიან მინდა, გადატანილი მქონდეს ეს ვირუსი, რადგან იმუნიტეტი მექნება გამომუშავებული, მაგრამ საიდან გავიგო? მაშინ ჩინეთში იყო დაფიქსირებული კოვიდ 19, მაგრამ ამერიკაში, ჯერ არა. მე მგონია, ეს ვურუსი, გაცილებით ადრე გამოჩნდა, შემდეგ მუტაცია განიცადა და უამრავი ადამიანიც შეიწირა. ამბობენ, რომ ყვავილივით ლამაზი უჯრედია კორონა, ორგანიზმში რომ ხვდება, ჩვეულებრივ უჯრედს, თავისი სილამაზით ატყუებს და ორგანიზმის უჯრედი კი არ ბლოკავს, იღებს და ინფიცირებაც ხდება. მატყუარა ვირუსია, თუმცა საშიში, რომელიც ყვავილივით შედის ირგანიზმში და მერე იფურჩქნება. ასე რომ, ვინც მსგავსი საშინელი სიმპტომები გადაიტანა რაღაც პერიოდის წინ, ანუ კორონას გამოჩენამდე, დიდი შანსია, ეს დაავადება უკვე გადატანილი ჰქონდეს. ზოგს მარტივად გადააქვს, ზოგს კი – რთულად. თუმცა, ამ ვირუსის გადატანის მერე, ადამიანის იმუნიტეტი უფრო ძლიერდება.
– ხომ არ გქონია ვინმესთან შეხება, ვინც ჩინეთში იმოგზაურა?
– ჩემი შვილი ნიკუშა, კუნ-ფუზე დადის, სადაც პედაგოგები მხოლოდ ჩინელები არიან და შესაძლოა, მათგან გადაედო. არ არის გამორიცხული. ბავშვისგან კი მე გადმომედო. ალბათ, ძლიერი იმუნიტეტი გვაქვს და ღმერთმა დაგვიფარა მეც და ბავშვიც. არის ვერსია, გამეორება იცისო და ამიტომ მინდა გავიგო, გადავიტანეთ თუ არა. ქუჩაში ექვსი ნიღბით და ექვსი ხელთათმანით გავდივარ და რომ ვიცოდე, გადატანილი მაქვს, ასე არ დავიტანჯებოდი.
– ოჯახში ხართ – დედა, ქმარი, შვილი და შენ. ერთმანეთს როგორ იცავთ?
– დედა საერთოდ არ გადის გარეთ და ეს ყველაზე დიდი დაცვაა. ვცდილობ, ბავშვიც არ გავიყვანო გარეთ. შემოსასვლელში სპეციალური ხსნარის შემცველი „სალფეტკები“ მაქვს დაფენილი, რომელზეც ფეხს ვიწმენდ, სადეზინფექციო ხსნარით ვიმუშავებთ ხელებს და სახლსაც, შესაბამისად, სველი წესით ვალაგებთ. სხვა რაიმე განსაკუთრებულს, არაფერს ვაკეთებთ. მიყვარს იატაკის რეცხვა, ვგიჟდები ამ პროცესზე, რადგან ამ დროს სხეულის ყველა კუნთი ვარჯიშობს და მუშაობს. სახლს მთელი დატვირთვით ვალაგებ და ეს ვარჯიშის ტოლფასია (იცინის). მოკლედ, გადავალაგ-გამოვალაგე კოსმეტიკა, ნახატები და ახლა, გარდერობს ვუყურებ (იცინის). მილიონი საქმე მაქვს გასაკეთებელი და მოსაწყენად და ნეგატიურზე საფიქრელად არ მცალია.
– ნუცა, როცა ისმენ, შენი ქვეყანა როგორი წარმატებით ებრძვის კოვიდვირუსის პანდემიას, არ გიფიქრია, ნეტავ, ახლა ჩემს ქვეყანაში ვიყოო? რატომ არ ჩამოხვედი?
– მე ჩვენს ქართველ ექიმებს, სოციალური ქსელით გადავუხადე მადლობა. ეს ადამიანები მართლა გმირები არიან. აღფრთოვანებული და ძალიან ამაყი ვარ ჩემი ერით, ლოცვებში სულ მოვიხსენიებ. რაც შეეხება ჩამოსვლას, მე სულ მენატრება და სულ მინდა, საქართველში ვიყო, მაგრამ ახლა გამორიცხულია მანდ ჩამოსვლა. ეს დიდ რისკთანაა დაკავშირებული – ფრენის დროს, გადაჯდომა, გადმოჯდომა, ათას ადამიანთან შეხება – შეიძლება, გზაში აიკიდო დაავადება. გამორიცხულია სადმე წასვლა. ახლა რომ ჩამოვიდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს ქვეყანას ჩამოვუტანო ბაცილა და ნახევარზე მეტი საახლობლო დავაინფიცირო. მე მონსტრი იმუნიტეტი მაქვს, მაგრამ ბომბზე თქვენ ვერ დაგსვამთ. ერთგვარი ფსიქოლოგი გავხდი და ყველას ვეუბნები, ეს ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება-მეთქი. ამით ბუნება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა არის მთავარი ღირებულება ცხოვრებაში და შევცვალოთ სტილი, რიტმი და ცხოვრების ფასეულობა.
http://tbiliselebi.ge/