ახალგაზრდა დიპლომატს ნინო კალანდაძეს საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი ოჯახის შესახებ.
მას პირად თემებზე პრესასთან საუბარი არ უყვარს.
ცოტა ხნის წინ, კალანდაძემ სოციალურ ქსელში მამის, ზურაბ კალანდაძის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ფტიზიატრ-პულმონოლოგი გახლდათ.
„პრაიმ-ტაიმმა“ მასთან ოჯახის შესახებ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
– სოციალურ ქსელში გუშინ დადეთ მამის ფოტო, გვიამბეთ მის შესახებ, რას საქმიანობდა მამა?
– მამა, ზურაბ კალანდაძე, ფტიზიატრ-პულმონოლოგი იყო, რომელსაც პროფესიული ენციკლოპედია მოიხსენიებს როგორც რუსეთის ფედერაციის მთავარ ფტიზიატრს და თორაკო-ქირურგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებულ მოღვაწეს, სამედიცინო – ბიოლოგიური აკადემიის წევრსა და აკადემიკოსს. საბჭოთა წლებში, იგი რესპუბლიკის ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი საკავშირო ინსტიტუტის ქირურგიის კლინიკას ხელმძღვანელობდა.
საქართველოში დაბრუნებისთანავე იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტის ფტიზიატრიისა და გულმკერდის ქირურგიის კათედრის პროფესორი და ამავე კათედრის გამგე შეიქმნა.
მამა სამედიცინო წრეებში იმით იყო ცნობილი, რომ მან პირველმა დანერგა ფილტვების ერთმომენტიანი ორმხრივი რეზექცია ტუბერკულოზის დროს – ურთულესი ოპერაცია, რომელიც, ჯერ კიდევ მაშინ, მსოფლიო ყურადღების ქვეშ მოექცა.
მან დანერგა და არის ე.წ. განცალკევებული ბრონქოსპირომეტრიის ორიგინალური მეთოდიკის ავტორი.
ამავდროულად იგი ითვლება არაერთი თორაკო-ქირურგიული ინსტრუმენტის გამომგონებელად, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ე.წ. „ზვიგენი“. იგი არის საქართველოს ფთიზიატრიის და პულმონოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი და გარდაცვალებამდე იყო მისი პრეზიდენტი.
მას განხორციელებული აქვს 11 ათასზე მეტი ქირურგიული ოპერაცია. ხოლო მისი საქმიანობის ბოლო 20 წლის მანძილზე პაციენტი არ დაღუპვია. ამაყი ვარ, რომ ათასობით ადამიანისთვის სიცოცხლე აქვს შენარჩუნებული და დღემდე ხშირად მხვდებიან მათი მადლიერი შთამომავლები. მამა ასობით ადამიანის მკურნალი ექიმი იყო, მათ შორის ისეთი ცნობილი ადამიანების, როგორიცაა ფიდელ კასტრო.
სხვათაშორის ამბობენ, კუბაზე მედიცინა სხვა სფეროებთან შედარებით მეტად განვითარებული სწორედ იმიტომ იყო, რომ მას მისი მეთაურის პირადი დაინტერესებით სხვადასხვა დარგის საუკეთესო ექიმები სტუმრობდნენ ხშირადო.
სევდიანი სიამაყე მიპყრობდა, როცა სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ზურაბ კალანდაძის გარდაცვალებით, 2002 წელს, საქართველოში თორაკო-ქირურგიაც გარდაიცვალაო. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენ კვლავ გვყავს ახალი თაობის ბრწყინვალე მედიკოსები და ქირურგები.
– როგორი ურთიერთობა გქონდათ მამასთან და რა გახსოვთ ყველაზე შთამბეჭდავად?
– მე როცა გავჩნდი, მამა უკვე 53 წლის იყო, ამიტომ ის ნაბოლარას მეძახდა და ამით ალბათ ყველაფერი ნათქვამია. არ მახსოვს მისგან წყენა, გაბრაზება. მხოლოდ სითბო და სიყვარული. ძილის წინ რიტუალივით მეუბნებოდა ხოლმე, ტი მოი ბოჟიი დარ-ო. მე რუსული მაშინ კარგად არ მესმოდა, მაგრამ ვიცოდი რომ რაღაც კარგი იყო და თანხმობით უნდა მეპასუხა.
აღზრდის მკაცრი მეთოდები, ოჯახში, დედას პრეროგატივა იყო, რომელიც ძალიან მომთხოვნი იყო: ყველა საგანს იბარებდა, ნიშნებს მიკონტროლებდა, პატარა გადაცდომას არ მპატიობდა, როცა სწავლას ეხებოდა საქმე. ზოგადად, გამიმართლა, რომ ერთმანეთს უზომოდ მოსიყვარულე წყვილის ოჯახში გავიზარდე, სადაც სიყვარული და ურთიერთპატივისცემა დიდ როლს თამაშობდა.
მამა მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო, კარგად მღეროდა, უკრავდა. იცოდა, როცა ავად ვიყავი, იგი ფორტეპიანოს უნდა მიჯდომოდა და ჩემთვის უნდა დაეკრა, ან გიტარის თანხლებით ოჯახურად გვემღერა.
მისი ასაკისა და სწორედ ასეთი ახლო ურთიერთობის გამო, მამამ განსაკუთრებით განიცადა, როცა სასწავლებლად გერმანიაში წავედი. თუმცა 90-იანები, როგორც ყველა წესიერი ადამიანისთვის, ჩვენთვისაც ისეთი დიდი გაჭირვების პერიოდი იყო, რომ ჩემმა მშობლებმაც იცოდნენ, ჩემი განათლებისთვის ასე სჯობდა. მამა ამბობდა, სჯობს გაგიშვა, ვიდრე რომ გაიზრდები მისაყვედურო, რომ ეგოისტურად მოვიქეცი და ასეთ შანსზე ჩემს გამო თქვი უარიო. გაგრძელება