“როდესაც ჩვენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით 30 დაინფიცირებულზე ვსაუბრობთ, იმას არ ნიშნავს, რომ ეს ასეა”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.
მან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.
„ნაწილობრივ, რეალობაა, რა ინფორმაციასაც ავრცელებენ, განსაკუთრებით – რიცხვი. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად ჩვენი შეშფოთებისა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში უმართავი პროცესები იქნებოდა, ეს ასე არ მოხდა. ეს ობიექტურობისთვის უნდა ითქვას. რაოდენობას ვგულისხმობ პირველ ყოვლისა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში არ შეიძლება, მოხდეს. ყველაფერი შეფარდებითია. ის, რაც ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმდებარე რესპუბლიკებში, ის სურათი არ განმეორდა. ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა ჩრდილო ოსეთში, დაღესტანში კატასტროფაა. ცხინვალის რეგიონში ასეთი ვითარება არაა, თუმცა მაინც არ არის ინფიცირებულთა დაბალი რიცხვი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 30 დაინფიცირებულზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ასეა იმიტომ, რომ ტესტების რაოდენობა არ არის ჩატარებული. ამასაც რომ თავი დავანებოთ, სტაციონარსაც არ მიმართეს ადამიანებმა ამ დაავადებით. თან, უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის რაოდენობა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბევრი არაა, სხვადასხვა მონაცემით, 25 -30 ათასს არ უნდა აღემატებოდეს . აქედან გამომდინარე, ეს რიცხვიც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ პროცენტულ მაჩვენებლებს ავიღებთ, რთული მდგომარეობაა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც – ჩრდილო ოსეთშია. ეს განპირობებულია იმით, რომ დანარჩენი საქართველოს მხრიდან მაინც იზოლაციაში იყვნენ გარკვეულწილად და ძალიან დროულად ჩაკეტეს საზღვარი რუსეთთან, აფხაზებისგან განსხვავებით“, – განაცხადა არეშიძემ.
როგორც მამუკა არეშიძემ აღნიშნა, ოკუპირებულ რეგიონში ინფექციური საავადმყოფო საერთოდ არ აქვთ.
„რაც შეეხება სამედიცინო ინფრასტრუქტურას, როგორც არ იყო ნორმალურ მდგომარეობაში, ისე არ არის ნორმალურ მდგომარეობაში.
ექიმების პროტრესტი ისევ ისეთია. გარკვეული აღჭურვილობა მიიღეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ 30 დაინფიცირებულში ერთი ოფიციალურადაა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი. მათ ინფექციური საავადმყოფო საერთოდ არ აქვთ. ინფექციურ საავდმყოფოდ გადააკეთეს ერთი ბლოკი. ძალიან უჭირთ ამ თვალსაზრისით, მაგრამ არ იმჩნევენ. რომ შეიმჩნიონ, მაშინ უნდა აგინონ რუსეთის ხელისუფლებას, ეს იქ რელევანტური არ არის. მაგრამ ხდება ყურადღების გადატანა იმაზე, რომ კორონავირუსი არ არის ერთადერთი ინფექციური დაავადება, რომელიც ახლა რეგიონშია. იმაზე სულ არის გაუთავებული ლაპარაკი, რომ საქართველოდან ინფექციური დაავადებების გავრცელების მცდელობაა, რომელიც სხვადასხვა მწერით გადადის. ამის თაობაზე გუშინაც გაკეთდა განცხადება, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან რამდენიმე ვერტმფრენმა გადაიფრინა, რომელიც, სავარაუდოდ, ამ მწერებს ავრცელებს.
დე ფაქტო ხელისუფელბა მთლიანად არის დამოკიდებული ინექციებზე რუსეთიდან. დღეს რუსეთს არც ინექციების და არც დახმარების თავი აქვს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.