საქართველოს პირველ არხზე არ გავა უხარისხო პროდუქცია, აქ ჩვენ არ გავუშვებთ ბნელეთის აპოლოგიას, რასაც მიმართავენ იმის გამო, რომ ადამიანთა ქვენა გრძნობაზე ითამაშონ და როგორმე თავიანთ საინფორმაციო საშუალებებთან მიიყვანონ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს არ გაკეთდება. აქ გაკეთდება და მოწოდებული იქნება მსოფლიო დონის შემეცნებითი პროდუქცია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, საზოგადოება მაღალი ხარისხის პროდუქტით გართობას უნდა მიეჩვიოს.
„ჩვენი გასართობი გადაცემით დამტკიცდა, როგორ მაღალ დონეზე შეიძლება პროდუქტის გაკეთება. თუ გასართობი გადაცემები იქნება, ასეთი და ამ ტიპის გადაცემა უნდა იყოს. ასე უნდა იყოს „ვოისი“ და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა გავერთოთ, ოღონდ გართობა არ ნიშნავს ძალიან დაბალ დონეზე დაშვებას. ამ მედიაბაზარზე იუმორი ჭირს და თუ ამას გავბედავთ და ავიღებთ, ეს უნდა იყოს მაღალი ხარისხის და არა იმ ხარისხის, რასაც ვუყურებთ. ეს დეგრადირებაა, ბნელეთის აპოლოგია. ეს არ შეიძლება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თქმით, თუკი დასავლეთი გვინდა, ხარისხიან ფილმებს უნდა ვუყუროთ და რაღაცების ყურება უბრალოდ, სირცხვილი უნდა გახდეს.