40 წელზე მეტია, წმ. სამების ტაძრის მგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილი, ყოველ წითელ პარასკევს, მთელი საქართველოს ნაცვლად, სულში ჩამწვდომ ხმით გოდებს და დასტირის, ჩვენთვის ნაწამებ ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს. ვისაც ამ არაჩვეულებრივი, თბილი, კეთილი ქალბატონის გალობა მოუსმენია, განსაკუთრებით – „ვაი, რა კარგი საჩინო“(ტექსი – დ. გურამიშვილი. მუსიკა – ნ. ნაჩხატაშვილი), რომელსაც ხალხი „ქრისტეს დატირებას“ ეძახის, არ შეიძლება, ამ დიდი მოვლენის მიმართ, ადამიანი გულგრილი დარჩეს და მასთან ერთად არ დაელოდოს მაცხოვრის აღდგომას, რომელსაც ადამიანისთვის დიდი ბედნიერების, იმედისა და სიყვარულის მოტანა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ წმ. სამების ტაძარში, წითელ პარასკევს, წელს პირველად არ შესრულდა „ქრისტეს დატირება“. ის ერთადერთი ქალბატონია, რომელიც ამ საგალობელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ასრულებს. ამ თემასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა მომღერალს და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
– გუშინ, მთელი საქართველო ტიროდა, თქვენი გალობა კი, არსად ისმოდა…
– ჩემი მოღვაწეობის 40 წლიან ისტორიაში, ნამდვილად პირველი შემთვევა იყო, როცა წითელ პარასკევს, არ ვიგალობე, რაც ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. უამრავი ზარი იყო ჩემ ტელეფონზე, მეკითხებოდნენ – დღეს ხომ იგალობებთო. ყველას ვპასუხობდი, რომ როგორი ლოცვა-კურთხევაც იქნებოდა, როგორც საპატრიარქო გადაწყვეტდა, ისე მოვიმოქმედებდი. სხვათა შორის, რომ დავფიქრდი და წარმოვიდგინე, რომ უნდა მეგალობა, ძალიან დავმძიმდი, ვერ წარომედგინა, ამ უმძიმეს პერიოდში როგორ უნდა მეგალობა. ცრემლები მახრჩობდა, მეშინოდა. ვფიქრობდი, ვერ შევძლბდი გალობას, მთელი დღე ვტიროდი. ბევრმა დამირეკა და მითხრა – ველოდეთ შენს გალობას, რომ არ ჩატარდა, ძველი კადრები მოვიძიეთ და მოვუსმინეთო.
– როცა გალობთ, ძალიან დიდი ემოცია მოდის, გასაკუთრებით, როცა „ქრისტეს დატირებას“ – დავით გურამიშვილის „ვაი, რა კარგი საჩინოზე” ასრულებთ…
– რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მითხრა – ძალიად დავინტერესდი და მამაოებს ვთხოვე, მრევლისთვის ეკითხათ, რას იტყოდნენ, ამ საგალობელთან დაკავშირებით. უთქვამთ, ჩვენ ის გალობა გვინდა მოვისმინოთ, რასაც ქ-ნი ნაირა ასრულებსო. მიხარია, თუ ნამდვილად ასეა. წითელი პარასკევი, ისეთი დღეა, რომ გარდა ქრიტეს ვნებისა, ვისაც მონანიება უნდა, ამ დღეს ყველა გულწრფელად ინანიებს. ძალიან გული მწყდება, რომ წელს, ეს საგალობელი არ შესრულდა.
– რა იყო უმთავრესი მიზეზი?
მიზეზი, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე იყო. გავიფიქრე – „იყოს ნება უფლისა“, შინაგანად ვგრძნობდი, რომ უნდა წავსულიყავი, თან ძალიან მინდოდა, გული მიწევდა. ვიფიქრე, შევიფუთები და თავს დავიცავ ექიმების დონეზე მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, არ შედგა.
– მრევლის გარეშე გეგალობათ…
ყოველ წელს, ორ ტაძარში ვგალობ – დიდ და პატარა სამებაში. როცა პატარა სამებაში დავასრულებდი გალობას, დიდ სამებაში გავრბოდი, რომ მიმესწრო. ყოველთვის ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა მეგალობა. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, თადარიგი დავიჭირე, მაგრამ როგორც ჩანს, ხალხს მოარიდეს პრობლემები და არ ჩაატარეს.
– იესოს საფლავიდან წმ. ცეცხლი გადმოვიდა, გილოცავთ!…
– რას ამბობთ, როგორ გამიხარდა, მადლობა უფალს. მაინც ვნერვიულობდი და შეშფოთებული ველოდებოდი ამ უდიდეს სასწაულს.
– ნერვიულობდით?
– ძალიან. ვიცოდი, რომ არ გადმოსულიყო, ცუდის მომასწავებელი იყო. დიდება უფალს, ქრისტე აღდგება ყოველთვის, მისი გარდაცვალებიდან მესამე დღეს და ქვეყანას დიდ სიხარულს მოუტანს! ეს უდიდესი მადლი კი, მალე წამოვა სრულიად საქართველოში. ცხოვრება გრძელდება, ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოს ვანუგეშებ! მეც ხომ მოკვდავი ვარ, ვარ ასე ჩემთვის გარინდებული. როგორც სულიწმინდა ჩაგძახებს, ისე მიკარნახა ახლა ჩემმა ილია მართალმა – „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია! აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“. მომავალი, მართლაც ჩვენი იქნება!
– თქვენი გალობა არ არის „არტისტული“, ძალიან ბუნებრივია…
– ეს ყველაფერი ჩვენი ცოდვებიდან გამომდინარეა. უფლის იმედით უნდა ვიყოთ. კიდევ გვაქვს შანსი, გონს მოვეგოთ. ბევრი ვილოცოთ და მეტად შევიგრძნოთ ქრისტეს ტკივილი. რწმენა, არ დაკარგოს საქართველომ! იცით, ტაძარში როგორ ლოცულობენ? ერთ-ერთი ძლიერი ლოცვაა – „აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი“. როგორც სამღვდელოებას უნდა დავუგდოთ ყური, ისე მთავრობას და მხედრობას. ძალიან ბევრია, მათზე დამოკიდებული. ერთად სხდებიან, მოილაპარაკებენ და როგორიც იქნება საერთო გადაწყვეტილება, დაე ისე გადაწყვიტონ.
– საზოდაგოების დიდი ნაწილი, ტაძარში თქვენი გალობის მოსამენად მიდიოდა. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი…
– უწმინდესის სურვილი იყო, რომ „ქრისტეს დატირება““ შესრულებულიყო. უამრავ კომპოზიტორს დაევალა, მაგრამ ბოლოს, მე ვუთხარი, რომ ძალიან უშუალოდ, როგორც ქართველი დედა დაიტირებს საკუთარ შვილს, ისე უნდა დავიტიროთ. მაგალითად, ასეთ სტილში მეთქი და გოგოებს ვთხოვე, ბანი მოეცათ. დავიწყე გალობა, უწმინდესმა ყურადღებით მომისმინა და წამოიძახა – „ეს არის, სწორედ ეს არის, რაც მინდოდაო!“. დღეიდან ამას შენ იგალობებო მითხრა. მას მერე, 40 წელზე მეტია, ვგალობ.
– „ქრისტეს დატირება“, მხოლოდ წითელ პარასკევს სრულდება?
ქრისტეს დატირებას, მხოლოდ წითელ პარასკევს არ ვგალობ. მაშინაც კი, როცა ვინმე გარდაიცვლება და ჭირისუფალს, სურვილი აქვს ამ საგალობლით გააცილოს. ქრისტეს დატირება, უკვე წლებია იგალობება – თითქმის 40 წელს გაუძლო. სანამ შევძლებ, ვიგალობებ და ჩემს მერე, ახალგაზრდები გააგრძელებენ. იმედია, ყველაფერი გამოსწორდება და ისევ ვიგალობებ.
– როცა გალობთ, სასწაული ემოცია მოდის…
ერთ-ერთმა მრევლმა მითხრა, რამდენი მილიონი დაიხარჯა,ალნათ მელ გიბსონის ფილმზე – „ქრისტეს ვნებანი“, პირველად რომ სამ საათიან ფილმს ვუყურე და მერე თქვენ გალობას ვუსმინე, იმაზე მეტი განცდა მქონდა, რაც ფილმის ყურების დროს, სამი საათში მივიღეო. რაც ყველაზე მთავარია, როცა ამ საგალობელს ვგალობ, აბსოლუტურად, ყველა კადრი თვალწინ მიდგას. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოს არ ელოდება პანიკური მდგომარეობა. მშვიდად ვიყოთ, ღმერთს და უფალს მივენდოთ, გავითვალისწინოთ არსებული მდგომარეობა და დავიცვათ დისტანციები ტაძრებში და მის გარეთაც. შევწუხდეთ ცოტა, ხომ შეიძლება! მოგვიწოდებენ, დარჩით სახლშიო – დავრჩეთ სახლში. მივიდეთ ტაძარშიც, მაგრამ დისტანცია დაიცვათ. ცოტა ხანს, მოვერიდოთ ერთმანეთს!
– ლიტანიობას თუ დაესწრებით ტაძარში?
სადაც ამჟამად ვიმყოფები, აქვე ახლოს წავალ ტაძარში. ბევრმა იმარხულა და განიცდიან, რომ ვერ ეზიარებიან, მარამ არ არის პრობლემა, შეუძლიათ გაახსნილონ, ამის შემდეგ, სამი დღე შეინახონ მარხვა და ეზიარონ. სამწუხაროდ, მე ვერ ვეზიარები, პანდემიიდან გამომდინარე, ვერ წავალ ჩემ ტაძარში.
– თქვენი ოჯახი…
მყავს ერთი ქალიშილი – მაყვალა ასპანიძე, რომელიც ოპერის თეატრის მომღერალი, წამყვანი სოლისტია. უცხოეთში, ბევრ ქვეყანაში მონაწილეობდა. რამდენიმე ხნით ადრე, ოპრის თეტრში მზადდებოდა სპექტაკლის – „მაკბეტი“ პრემიერა, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული პანდემიის გამო, გადაიდო. მყავს ასევე, 5 წლის შვილიშვილი – გიგი (გიორგი) გიორგაძე, რომელსაც ვიმედოვნებთ, რომ კარგ ქართველ ვაჟკაცად გავზრდით. მეუღლე – ელდარ ასპანიძე, ამჟამად პენსიონერია. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის შთამომავალია, რაც ყოველთვის მეამაყება.
– ყველაზე ბედნიერი წუთები..
.მთელი ცხოვრება გალობას მივუძღვენი, ძალიან ბედნიერი ვარ. ახალგაზრდობაში, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ბევრის გაკეთება შემეძლო, მათ შორის სცენაზეც. უცხოეთიდან, ძალიან ბევრი შეთავაზებები მქონდა. აღარ განვავრცობ ამ თემას და მინდა გითრათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩემი 24 წლის ქალიშვილი, ოპერის სცენაზე „აიდას“ ასრულებდა, უცებ, მომენტალურად გამინათდა გონება და წამოვიძახე – „მადლობა უფალო, მადლობა ღვთისმშობელო, ჩემი სურვილი, ჩემი შვილით რომ ამიხდინე, ჩემი გოგო დააყენე სცენაზე“.დიდი მადლი და დიდი სიხარული მომმადლა უფალმა. მე დამტოვა უფლის მგალობლად და ჩემი შვილი კი, სცენაზე დააყენა. ჩემი ქალიშვილიც გალობდა, გარკვეული დროის მანძილზე. რამდენიმე წლის წინ, ახალ გასნილ წმ. ქეთევანის სახელობის ტაძარში დავიწყეთ გალობა. ტაძრის მრევლმა, ჩვენი გალობა რომ მისმინა, ბევრი დარჩა ტაძარში, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. დიაბეტი მაქვს და ფიზიკურად აღარ შემიძლია, ამიტომ ხშირად ვერ ვესწრები წირვა-ლოცვებს, მაგრამ არის განსაკუთრებული საუფლო დღესასწაულები, როცა ტაძარში ვარ.
– რას ეტყოდით საზოგადოებას?
არ შეშინდე ერო, კიდევ ვიგალობებ! სანამ უფალი შემაძლებინებს, ყოველთვის ღვთის სამსახურში ვარ და ვიქნები. აუცლებლად ხაზი მინდა გაუსვათ, რომ ქრისტეს წმ. საფლავიდან ცეცხლი, სწორედ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუს დროს გადმოვიდა, რის გამოც, ახლაც კი, ემოციებში ვარ. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, უფალმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა. აღდგომის სიხარული გეწეოდეთ, აწ და მარადის!