ბელარუსის დედაქალაქში, სადაც დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, სახელწოდებით „გმირების მარში“, სამართალდამცავებმა მონაწილეთა დაკავებები დაიწყეს. ამის შესახებ მინსკის შინაგან საქმეთა სამმართველოს პრესსპიკერმა ნატალია განუსევიჩმა განაცხადა.
„ვადასტურებ, რომ უკვე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, რომელიც არასანქცირებულ ღონისძიებაში აპირებდა მონაწილეობას, რომლებსაც ადმინისტრაციული პროცესის წარმართვის მიზნით, სხვადასხვა სამმართველოებში გადაიყვანენ“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ათეულობით ჯავშანტრანსპორტიორი იმყოფება მინსკის დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც მდებარეობს პრეზიდენტის ერთ-ერთი სამუშაო რეზიდენცია.
შენობასთან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანები და პოლიციის ავტობუსები.
კომენტარები