ჩვენ უნდა შევქმნათ გუნდები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, რის გარშემოც ყველა სოფლის ახალგაზრდობა გაერთიანდება და გაძლიერდება. დამერწმუნეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს გამთლიანებისკენ. საქართველოს გამთლიანება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზანია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, დავით კაჭარავამ ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე.
„სპორტი არ ითვალისწინებს სოციალურ, რელიგიურ, ეთნიკურ, რასობრივ და გენდერულ სხვაობებს. სპორტში ყველა თანაბარია. ის აერთიანებს, აჯანსაღებს საზოგადოებას. სპორტი აყალიბებს ფასეულობებს, უნარებს, როგორიცაა გუნდურობა, პატივისცემა, სამშობლოს სიყვარული, მიზანმიმართულობა და ა. შ. სპორტი ორი ნაწილისგან შედგება – მასობრივი და მაღალი მიღწევების, პროფესიული სპორტი. ჩვენ უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის გვინდა, მასობრივი სპორტი კი, უკეთესი მომავლის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. სპორტი არის ჯანმრთელობა, ნაკლები კრიმინალი, ნაკლები ძალადობა. სპორტი ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასთან. ბიოლოგიური კუთხით თუ შევხედავთ, დამტკიცებულია, რომ ვარჯიშის დროს, აქტიურდება ტვინის ახალი უჯრედები, ორგანიზმში გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი, ენდორფინი, რაც ადამიანს აძლევს საშუალებას, ბევრად პოზიტიურად შეხედოს გარემოს. რაც შეეხება პროფესიულ სპორტს: დამეთანხმებით, რომ ყველა სპორტსმენის მიზანია, ეროვნული ნაკრების მაისური მოირგოს, სამშობლოს სახელით, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ტურნირებზე და ის წარმატებული სპორტსმენი, რომელსაც წილად ხვდა ეს შესაძლებლობა, ხვდება, რომ მოედანზე, დარბაზში, ტატამზე, კორტზე შეუძლია, დაამარცხოს სხვა, ბევრად უფრო წარმატებული ქვეყნის გუნდები თუ სპორტსმენები. ეს წარმატება გადაედება საზოგადოებას და ჩნდება რწმენა, რომ ბევრი შრომითა და სწორი ხელშეწყობით, სხვა სფეროებშიც შესაძლებელია წარმატების მიღწევა. ამ პატარ-პატარა წარმატებების გარშემო ერთიანდება საზოგადოება და ქვეყანა. ჩვენ უნდა შევქმნათ გუნდები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, რის გარშემოს ყველა სოფლის ახალგაზრდობა გაერთიანდება და გაძლიერდება. დამერწმუნეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს გამთლიანებისკენ. საქართველოს გამთლიანება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზანია. 28 წელია, რაგბს ვთამაშობ. ჩვენ გვქონდა რთული პირობები. ჩვენს წინა თაობას კი, საერთოდ არ ჰქონდა პირობები და მათ მოახერხეს ჩვენამდე რაგბის მოტანა, რისთვისაც მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. დღეს, ბევრი შრომით, სწორი ხელშეწყობით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპულ ოჯახში მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები „8 ერში“ მიიღებს მონაწილეობას, რასაც ვულოცავ მთელს საქართველოსა და ყველა მორაგბეს“ – განაცხადა დავით კაჭარავამ.