პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო ოქმებზე ისაუბრა, რომლითაც, მისი თქმით, ოპოზიცია სპეკულირებს.
„პირველ რიგში შევეხები სპეცუბნებს, სადაც მაჟორიტარულ ოქმებში პანდემიის გამო შეიქმნა, პრაქტიკულად ყველგან ფიქსირდება დისბალანსი. ეს არის სრულიად ბუნებრივი, რადგან ოქმებში ინფიცირებულების ან იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მხოლოდ ნაწილი ემთხვევა, რომლებიც იმავე რაიონში იყვნენ ჩაწერილები, სადაც ხმას აძლევენ. ასეთი ამომრჩევლები მხოლოდ პარტიას აძლევდნენ ხმას, მაჟორიტარებს კი მხოლოდ იმ ოლქში მაცხოვრებელი იზოლირებული პირი აძლევდა ხმას, ანუ თუ დაემთხვეოდა იმ შემთხვევაში. ამიტომ მაჟორიტარის ოქმში გაცილებით ნაკლები ხმის მიმცემია დაფიქსირებული, ვიდრე ხმის მიმცემთა რაოდენობაა სპეცუბანზე“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სპეცუბნების ნაწილზე დაფიქსირებულია გარკვეული ტექნიკური შეცდომებიც, რომლებიც მმართველ პარტიას არავითარ უპირატესობას არ აძლევს.
„ეს შეცდომები განპირობებულია იმით, რომ ინფიცირებულთან და იზოლირებულებან მუშაობას სპეციფიკური ცოდნა ესაჭიროება, ამიტომ სპეცუბნებში კომისიის ძველი წევრები ახალი, პრაქტიკულად დაუტრენინგებელი წევრებით იყვნენ ჩანაცვლებულები და ტექნიკური შეცდომები იყო ბევრი. ასეთი ქვეყნის მასშტაბით იყო კომისიის რამდენიმე ასეული წევრი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში დღემდე ჩატარებულ აბსოლუტურად ყველა არჩევნებზე დაუბალანსებელი და ხარვეზიანი ოლქები ყოველთვის იყო და ყველა ასეთ შემთხვევას ცესკო, როგორც ადრე, ახლაც მიყვებოდა და საჭიროების შემთხვევაში ასწორებდა.
„რაც შეეხება სპეკულაციას ოქმებში დისბალანსს, მსგავსი ხარვეზები უნდა დაიყოს 2 ნაწილად. უბნები, სადაც საჩივარია შესული, რომ ბიულეტენში გაცილებით მეტია ხელმოწერები, ვიდრე ბიულეტენებია. ბუნებრივია, სანახავია და შესასწავლია ასეთი ოქმები. რაც შეეხება უბნებს, სადაც შეიძლება იყოს დანაკლისი, ეს საარჩევნო პრაქტიკაში პრობლემას არ წარმოადგენს და ეს პრაქტიკა არც არასდროს იყო პრობლემა“, –განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც არჩევნების შედეგები არ მოსწონს, მოუწოდა, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ და დააფიქსირონ თავიანთი პრეტენზიები სამართლებრივი ფორმით.
„ასევე მინდა მოვუწოდო და მივმართო ცესკოს, რომ დეტალურად შეისწავლონ თითოეული არგუმენტირებული საჩივარი იმისთვის, რომ სპეკულაციისთვის რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დარჩეს“, –განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

