მაიკ პომპეოს ვიზიტის წინ აშშ-ის სენატის ასიგნების კომიტეტმა, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი დახმარება დაუმტკიცა. გაზრდილი დახმარება არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი, რომ საქართველოსა და აშშ-ის პოლიტიკური პარტნიორობა ვითარდება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
„$132 მილიონი, ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, აშშ-ის უპრეცედენტო დახმარება საქართველოსთვის. ამას ძალიან ვაფასებთ. საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ეს თანხა, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში“, – აღნიშნა ხელაშვილმა.
მისი თქმით, პარტნიორებს შორის ურთიერთობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გადავა თვისობრივად ახალ დონეზე. „გახსოვთ ალბათ სპეკულაციები საქართველოსთვის ლამის სანქციების დაწესების თაობაზე. როგორც იცით, ოპონენტების ძალისხმევით, აშშ-ის დახმარების პროექტში დროებით გაჩნდა ჩანაწერი ამ დახმარების 15%-ის შესაძლო შეყოვნების თაობაზე. საბოლოო დოკუმენტში ეს დათქმა მთლიანადაა ამოღებული, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს სწორი გზით განვითარებას და მხარს უჭერს იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.