ვიდრე ვაქცინა და მედიკამენტი არ გვექნება, ახალ კორონავირუსთან გამკლავება ძალიან მძიმე ზომების მიღებით მოგვიწევს, განაცხადა საბურთალოს რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„სტატისტიკა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მართლაც არ გვაქვს მარტივი მდგომარეობა, თუმცა საბედნიეროდ გვაქვს იმის რესურსი, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ“, – განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება იმას, მოსალოდნელი იყო თუ არა ეს, სერგეენკოს აზრით, მოსალოდნელი იყო ოდნავ გვიან პერიოდში.
„თუმცა ამ ვირუსის ქცევას ვერ გავთვლიდით და ის, რაც მოხდა მთელ მსოფლიოში, ქვეყნების უმეტესობაში, საქართველოც ვერ გადაურჩა მათ რიგებში ჩადგომას, რაც არის ურთულესი გამოწვევა არამარტო ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ ქვეყნისათვის. პანდემია ეხება ყველაფერს, ჯანდაცვას, ეკონომიკას, სპორტს, ხელოვნებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, მთლიანად მსოფლიოში კორონავირუსით ავადობის ზრდა ვირუსის თვისებების შეცვლით არის გამოწვეული.
„თუ ადრე ის ხანდაზმულებში ვრცელდებოდა, აგვისტოში ეს თვისება შეიცვალა და ვრცელდება ახალგაზრდებზე, რომლებიც საბედნიეროდ უფრო მარტივად უმკლავდებიან მას. ამიტომ ჯამური ავადობა და სიკვდილობა პროცენტულად შემცირდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი ნაკლებად მავნებელი გახდა. ვიდრე ვაქცინა და მედიკამენტი არ გვექნება, მოგვიწევს გამკლავება ძალიან მძიმე ზომების მიღებით“, – აღნიშნა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
ამჟამად მსოფლიოში უკვე შექმნილია 150-ზე მეტი „კანდიდატი ვაქცინა“, მათგან ხუთი–ექვსის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ნოემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის პროგრამების ევროპის დეპარტამენტის დირექტორის ნინო ბერძულის განმარტებით, უკვე მომავალი წლის დასაწყისში ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა ვაქცინამ გაიარა პრეკვალიფიკაცია და რომელი ვაქცინა მიიღებს გადაუდებელი მოხმარებისთვის გამოყენების ნებართვას.