პროვოკაციებსა და გართულებებს არ ველოდები, თუმცა, შემიძლია, გაგიზიაროთ 1-2 ისეთი ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გუშინ, გვიან ღამით გახდა ცნობილი და არაერთხელ ვთქვით, რომ ჟონავს ინფორმაცია, განსაკუთრებით – „ნაცმოძრაობის“ შტაბებიდან. ისინი პროვოკაციას გეგმავდნენ ზუგდიდსა და აჭარაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ერთგან იყო მცდელობა, რომ დაემონტაჟებინათ კამერა და შორი რაკურსით გადაეღოთ 2-3 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ფულს გადასცემდნენ და შეექმნათ ფონი, თითქოს მოსყიდვას ჰქონდა ადგილი და ისეთი რაკურსი აეღოთ, რომ ამ ადამიანების გარჩევა შეუძლებელი ყოფილიყო. მეორე – იყო მცდელობა, რომ ერთი და იგივე ადამიანი შეეყვანათ უბანზე და ე.წ. „კარუსელის“ იმიტაცია შეექმნათ. ჯერჯერობით, არ მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ ფიქსირდებოდეს, როგორც ჩანს, ამაზეც უარი თქვეს, თუმცა, დაველოდოთ, დღის განმავლობაში არაფერია გამორიცხული. მიუხედავად მათი ამ მცდელობებისა, საქართველოში არჩევნების კიდევ ერთი ტური ჩატარდება დემოკრატიის მაღალი ხარისხით. რაც არ უნდა მოიგონონ „გაყალბების“ მაგალითები და მოატყუონ საზოგადოება, საზოგადოება ყველაფერს კარგად არჩევს და ამის დასტური იქნება“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.