ქართველი ჟურნალისტი, ნინო მჭედლიშვილი, უკვე ორი წელია ამერიკაში ცხოვრობს. ნინო და მისი შეყვარებული, გიორგი ბუდაგოვი, სამშობლოდან შორს ერთად გაემგზავრნენ და იქ იქორწინეს. საქართველოში ორივეს პრესტიჟული სამსახურები ჰქონდა, ახლა კი იქ ერთი დამლაგებლად მუშაობს და მეორე – მომარაგების სფეროში, სადაც ფიზიკური შრომა უწევს.
ნინო მჭედლიშვილს დიდი მიზნები აქვს – უნდა, ამერიკაშიც ჟურნალისტად იმუშაოს, მანამდე კი “სარკის” მკითხველს ამერიკული ცხოვრების შესახებ მოუყვა.
– ნინო, როგორ ხართ ამერიკაში ქართველები, რა პრობლემების წინაშე დგახართ კოვიდაფეთქების პირობებში?
– ამჟამად ყველასთვის მთავარი პრობლემა პანდემიაა. პირველი ტალღა განსაკუთრებით საშიში იყო და მაშინ უფრო მეტად განვიცდიდით ამ ყველაფერს. ახლა, არ ვიცი, მივეჩვიეთ, სიკვდილიანობა შემცირდა და ამის ბრალია, თუ, როგორც გვეუბნებიან, ამ პანდემიამ განიცადა მუტაცია, მაგრამ ცოტა დავმშვიდდით და პანიკამ გადაიარა.
რამდენიმე ქართველიც ვიცით, რომლებსაც დაემართათ კორონა და ადვილად გამოჯანმრთელდნენ. სიმპტომებიც ჰქონდათ, მაგრამ მარტივად გადაიტანეს.
ამერიკაში არის ქართველის, ნიკოლოზ ჩხეიძის, მიერ დაარსებული ორგანიზაცია “თვისტომი”, რომელიც ძალიან ეხმარება ვირუსით დაავადებულ ქართველებს. გამოძებნიან ხოლმე ბინას და იქ ერთად გადადის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ეს ვირუსი აქვთ.
ვირუსი თუ დაგიდასტურდა, გირეკავენ და გეკითხებიან, როგორ ხარ, წამალი ხომ არ გჭირდება, საჭმელი თუ გაქვს… ძალიან დიდ ყურადღებას გაქცევენ, მიუხედავად იმისა, საბუთები გაქვს თუ არა და ლეგალურად ხარ ამ ქვეყანაში თუ არა. თუ გაგირთულდა და აქვთ ადგილი საავადმყოფოში, გადაგიყვანენ. თუ არ აქვთ, ადგილზე მოგივა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მოგიტანს სასუნთქ აპარატს.
ნიუ იორკში ვართ, ბრუკლინში. მჭიდროდ დასახლებული ადგილია და ბევრი ხალხია ქუჩაშიც და ტრანსპორტშიც. შესაბამისად, ვერიდები ტრანსპორტში ასვლას, თუ შორი მანძილი არ მაქვს გასავლელი, ფეხით მირჩევნია, ვიარო. ყველა რეგულაციას ვიცავთ.
ბოლო მონაცემებით, დღეში 6 ათასზე მეტია დაინფიცირებული. ყველაფერი მუშაობს, არაფერი დაკეტილა ამ მეორე ტალღის დროს. იყო ცხელი უბნები, სადაც რამდენიმე მაღაზია დაიკეტა, მაგრამ ეს არ იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები. საქართველოში ტრანსპორტი აკრძალეს, როცა კარანტინი გამოცხადდა. აქ ტრანსპორტს მუშაობა არ შეუწყვეტია. ავტობუსის მძღოლი დაცული იყო. მომხმარებელს წინა კარში არ უშვებდნენ და უფასოც იყო მგზავრობა, იქიდან გამომდინარე, რომ წინა კართან არის ხოლმე დამონტაჟებული აპარატი, სადაც უნდა გადაიხადო მგზავრობის ღირებულება.
– თავად როგორ შეეგუეთ ამერიკას და რას საქმიანობთ?
– ახალ წელს ორი წელი გამიხდება, რაც აქ ვარ და სხვებივით ვარ – ხან ძიძა, ხან მიმტანი, ხან დამლაგებელი. აქ ასე მარტივი არ არის, რომ ჩამოხვიდე და შენი პროფესიით გააგრძელო მუშაობა, მით უმეტეს, თუ საბუთები არ გაქვს და თან ენაც არ იცი შესაბამისად. მომავლის იმედით ვარ. ვსწავლობ ენას და საბუთებსაც ველოდები, რომ ლეგალურად მომცენ მუშაობის უფლება.
– შესაბამისად, არც ამერიკულ არჩევნებში მიგიღიათ მონაწილეობა?
– რა თქმა უნდა, არა. ჯერ ისევ არ არის დაზუსტებული, ჯო ბაიდენი გახდა პრეზიდენტი თუ ტრამპი (ინტერვიუ ნოემბრის დასაწყისშია ჩაწერილი, რედ), რადგან ტრამპი ისევ აპროტესტებს. აქაურები როგორც ამბობენ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩევნების გაყალბებაზეა ასეთი სერიოზული საუბარი და მტკიცებულებებით გამოსვლა.
ორად იყოფა აზრი, როგორც საქართველოში ხდება ხოლმე. ნაწილი ამბობს, რომ ტრამპი არ ეგუება დამარცხებას და ამიტომ საუბრობს გაყალბებაზე, მეორე ნაწილი ამბობს, ვინ ყოფილა ეს ბაიდენი, როგორ გააყალბა ამერიკაში არჩევნებიო.
ჩვენთვის, ქართველებისთვის და დანარჩენი ემიგრანტებისთვის, მთავარია, რომ აქ მოგვცენ მუშაობის უფლება. როცა აქ არალეგალურად ხარ და ჩუმად მუშაობ, სახელმწიფოს გადასახადებს არ უხდი. სახელმწიფოს უნდა აწყობდეს, რომ მოგცეს მუშაობის უფლება და იმუშაო შენთვისაც და სახელმწიფოსთვისაც.
ამერიკა იმიტომ არის ძლიერი, რომ, ვინც აქ მუშაობს და, მაგალითად, სამ დოლარს იხდის პურში, ერთ დოლარს ამატებს სახელმწიფოსთვის. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ არ აძლევენ ლეგალური მუშაობის უფლებას იმ ემიგრანტებს, რომლებიც მაინც ცხოვრობენ აქ და არავინ ადეპორტებს. მუშაობენ, შოულობენ ფულს და იმ ფულს ჯიბეში იდებენ. ამოუხსნელი ამბავია, რატომ იქცევიან ასე.
აქაური ემიგრანტები ჯო ბაიდენზე დიდ იმედებს ამყარებენ. არ ვიცი, სარეკლამო ტრიუკი იყო თუ რა, მაგრამ ამბობენ, რომ ნიუ იორკის ბარათებს დაგვირიგებენ, რომლითაც ლეგალურად მუშაობის უფლება მოგვეცემა. ამბობენ, რომ ჯო ბაიდენი უფრო ლოიალურია ემიგრანტების მიმართ, ვიდრე ტრამპი.
– ქართველებმა რომელს მისცეს ხმა?
– ქართველების აზრიც ორად იყო გაყოფილი. ვინც აქ უკვე დიდი ხანია ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, ტრამპის მხარდამჭერები იყვნენ. ამბობენ, რომ ამერიკისთვის ჯობს, ტრამპმა გაიმარჯვოს, რადგან სწორ პოლიტიკას ატარებს. ახალი ემიგრანტებისთვის, ვინც უსაბუთოდ ცხოვრობს და ძალიან მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ, პრიორიტეტი ჯო ბაიდენი იყო.
– ქართველები მანდაც ჩხუბობდნენ ამის გამო?
– როგორც საქართველოში ლანძღავენ ერთმანეთს, მთლად ასე არ არის. აქ მყოფი ქართველები უფრო ლოიალურნი არიან ერთმანეთის მიმართ და არც მე მომიკრავს თვალი, რომ ამერიკის პრეზიდენტის გამო ერთმანეთი გაელანძღოთ. საქართველოს არჩევნების მიმართ კი იყო ლანძღვა და დაძაბულობა. გული მწყდება, რომ ქართველი ემიგრანტებიც გაყოფილები არიან ნაცებად და ქოცებად და ერთმანეთს დიდ შეურაცხყოფას აყენებენ.
ემიგრანტობა შენი არჩევანი არ არის. ემიგრანტი ხდები იმიტომ, რომ შენმა სახელმწიფომ არ მოგცა საშუალება, შენს ქვეყანაში გეცხოვრა. ვერ მიაღწიე, შენი პროფესიით, შენი განათლებით წინ წასულიყავი და მიდიხარ იმ ქვეყანაში, სადაც გგონია, რომ უკეთესად იქნები. ვიღაც მიშას დროს გამოიქცა, ვიღაც – “ოცნების” დროს. კიდევ პანდემიამ შეუშალა ხელი, თორემ, მგონი, მთელი საქართველო აქ ვიქნებოდით.
– ანუ ვინც მიშას დროს გამოიქცა, მიშას წინააღმდეგია და ვინც “ოცნების” დროს – “ოცნების”?
– ერთეული შემთხვევების გარდა, ყველა “ოცნების” წინააღმდეგია. რაც ბატონი ბიძინასგან მოვისმინეთ, რომ ხელს შეუწყობს ხალხს, როგორმე წავიდნენ ამ ქვეყნიდან და სხვაგან იშრომონ… სხვების არ ვიცი, მაგრამ მე საერთოდ ყველანაირი იმედი დამიკარგეს მაგ ქვეყანაში დაბრუნების და მანდ რამის კეთების.
ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა და დღემდე ნოსტალგია მაქვს. ჩემი შვილი მანდ არის და მინდა, დავბრუნდე, მაგრამ ამის საშუალებას ვერ ვხედავ. ვუყურებ სიტუაციას და დღემდე გული მტკივა, რომ ეს ამბავი, მინიმუმი, 4 წელი ისევ ასე გაგრძელდება.
– საქართველოში იყო ცნობილი ჟურნალისტი, მაგრამ სხვა ქვეყანაში წახვიდე მოხუცისა თუ ბავშვის მოსავლელად ან დამლაგებლად, ალბათ ფსიქოლოგიურად უფრო რთული მომენტია.
– ძალიან რთულია ამ ყველაფრის გადახარშვა და შეგუება. თავის დროზე ჟურნალისტობა ავირჩიე და მინდოდა, ამ პროფესიით მემუშავა. მე მქონდა კარგი სამსახური და საქართველოს პირობებში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ ეს არ მომცემდა იმის საშუალებას, რომ ჩემი შვილისთვის სწავლა-განათლება მიმეცა და მომავალი უზრუნველმეყო.
აქ ზოგთან ვალაგებ, ზოგთან ბავშვს ვიტოვებ და მათთან რომ ვამბობ ხოლმე, იცით, მე ჩემს ქვეყანაში ჟურნალისტი ვიყავი-მეთქი, გაოცებულები მიყურებენ. აქ ისე ძალიან ფასდება განათლება, ვერ წარმოუდგენიათ მსგავსი რამ და ჰგონიათ, რომ ატყუებ.
ეს მე არ მაკნინებს და არც ცუდად ვგრძნობ თავს, რადგან ამ შრომით ჩემს ქვეყანაში ჩემს სახლს ვიშენებ, ანუ მე აქ ჩემი ქვეყნისთვის ვშრომობ და არ მინდა, ხვალ და ზეგ აქ დავბერდე. მინდა, ჩამოვიდე და მანდ გავაგრძელო ცხოვრება. არ ვიცი, რამდენი წლის ვიქნები და შეიძლება ჟურნალისტიკაში აღარ გამოვდგე, მაგრამ რაღაცით მაინც გამოვადგები ჩემს ქვეყანას, თუნდაც აქაური გამოცდილებით.
ძალიან მინდა, ჩემი შვილიც აქ ჩამოვიყვანო და მერე ერთად დავბრუნდეთ. 23 წლის არის. მისთვის ვაკეთებ ყველაფერს. მომავალი გვიჩვენებს, რა როგორ იქნება. თუ ღმერთმა ქნა და საბუთები გავაკეთე, უკეთესი სამსახურის შოვნა შემეძლება.
– წახვედით და იქ დაქორწინდით. როგორ ააწყვეთ სამშობლოდან შორს ოჯახური ცხოვრება?
– წამოვედით შეყვარებულები და აქ მოვაწერეთ ხელი. ერთად ვშრომობთ. ჩემი მეუღლეც არანაკლებ მძიმე სამუშაოზე მუშაობს. ეს არის კომპანია, რომელიც ტექნიკით ამარაგებს კონკრეტულ მომხმარებელს და არ არის მარტივი იქ მუშაობა, მაგრამ ერთად ვახერხებთ ყველაფერს.
რაც ჩამოვედი, იმ დღიდან ვამბობ, რომ ის ქალები, ვინც აქ მარტო ჩამოდიან და გზასაც მარტო იკვლევენ, ჩემთვის გმირები არიან. მარტო მე ძალიან გამიჭირდებოდა, ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას არ მომცემდა.
– განტვირთვას, გართობას, დასვენებას ახერხებთ?
– ამერიკა განსხვავდება ევროპისგან. იქ შაბათი-კვირა გაქვს განსატვირთად და გასართობად. ბარები და რესტორნებია, სადაც მიდიან და ერთობიან. ამერიკაში კი ასეა – სამსახური-სახლი, სამსახური-სახლი. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლია, შაბათი და კვირა გამოიყენო, მაინც ცდილობ, იმ დღეებშიც იმუშაო.
აქ რომ ერთი დღე ისვენებ, თავს დამნაშავედ გრძნობ, იმდენად ძვირია ცხოვრება. ბინაში თვეში 1.300 დოლარს იხდი და პური 3-4 დოლარი ღირს, პლუს კომუნალური გადასახადები. ხომ ხვდებით, რამდენი უნდა გამოიმუშაო, რომ ეს ყველაფერი გადაიხადო. 1-2 საათიც კი გენანება დროის გასატარებლად.
ბრუკლინი ბინძური ადგილია. სასადილოს სუნი რომ გეცემა კაფეში, იქ მე ვერ დავჯდები. საქართველოში, იცით, რამდენად მაღლა დგას კვების ობიექტების კულტურა? ამით მაინც ვიამაყოთ. მუსიკის მხრივაც ასეა. რომ ჩამოვედი, შოკი მქონდა. ბევრ ადგილას ვერ შეხვალ და ვერ დაჯდები. ჯერ ერთი, რას ჭამ, არ იცი…
აქ ჩამოსვლის მერე მივხვდი, რა კარგი ქვეყანა გვაქვს. ჩვენთან სხვანაირი ჰაერი და წყალია. აქ წყალი არ ისმევა. ჩვენთან სხვანაირი პროდუქტია, რომლის ჭამაც შეიძლება. აქ რომ ჭამ, მუცელი გებერება, რაღაც გემართება… მწვანილს რომ იყიდი და მაცივარში შედებ, ერთ დღეში აღარ ვარგა და საქართველოში ერთი კვირა ინახება.
– ოჯახზე, სიყვარულზე როგორ მოქმედებს ის ფაქტი, რომ ერთი თავისუფალი დღეც კი არ გაქვთ განტვირთვისთვის?
– ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია ცოლ-ქმრის როლის მორგება, მაგრამ ამ რთულმა პერიოდმა, ვფიქრობ, კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი სიყვარული. ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ვამხნევებთ. გიორგი თუ ცუდ ხასიათზეა, მე ვცდილობ, კარგ ხასიათზე ვიყო და შემოვუძახო, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პირიქით.
ფაქტობრივად მარტოები აღმოვჩნდით ამხელა ქვეყანაში ორი ადამიანი და უფრო დათბა ეს ურთიერთობა. უფრო შენიანი ხდება, ფიქრობ, რომ მის მეტი არავინ გყავს, უფრო ეჭიდები ამ ყველაფერს და გრძნობაც ძლიერდება.
– საქართველოში გყავთ შვილი. კიდევ ვის გამო ნერვიულობთ? ძალიან რთული სიტუაციაა ახლა ჩვენთან პანდემიის მხრივ.
– საქართველოში მყავს მამა, ძმა… გიორგისაც ჰყავს შვილი და ჩვენი მთავარი საფიქრალნი ისინი არიან. დედაჩემიც ემიგრანტია. ჩემზე ერთი წლით ადრე გახდა ემიგრანტი და იტალიაშია ახლა. მეგობრები მყავს საქართველოში, რომლებიც ძალიან მიყვარს. ყველა ძალიან მენატრება, მენატრება ჩემი სამშობლოს მიწა. სულ მეცინებოდა, ამაზე რომ ლაპარაკობდნენ ემიგრანტები და ახლა ვხვდები, რას ნიშნავს შენი სამშობლოს მიწა.
– ხომ არ ინანეთ წასვლა?
– არც ერთი წუთით, რადგან მანდ ერთ ადგილს ვტკეპნიდი. ცხოვრება ძალიან სწრაფად მიდის და ეს წასვლა იყო ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი. ამბობენ, რაც არ გკლავს, გაძლიერებსო და მე კი ჯერჯერობით ცოცხალი ვარ.
– რისი იმედი გაქვთ მანდ, რა იქნება მაქსიმუმი, რაც შეიძლება გააკეთოთ?
– თუ შეისწავლი ენას და ეს ქვეყანა მოგცემს უფლებას, რომ ლეგალურად იმუშაო, რასაკვირველია, შეგიძლია, შენი პროფესიით დაკავდე და ეს არის ჩემი მიზანი. მერე მოვყვები ისტორიას, როგორ დავიწყე ძიძობა და ისევ როგორ მივედი ჟურნალისტობამდე.
სახლს ყველა ქალი ვალაგებთ და არც მე ვიყავი გამონაკლისი, მაგრამ აქ აღმოჩნდა, რომ ალერგიული ვიყავი გარკვეული ხსნარების მიმართ. ძირითადად პირბადით ვმუშაობ. ვცდილობ, მაქსიმალურად ნაკლებად გამოვიყენო ქიმიური ხსნარები.
– მოხუცის მოვლაც მოგიწიათ?
– არა, ვერ შევძელი. ყველა ამბობს, რომ აქ ფული კეთდება მოხუცთან და ეს მართალია. მოხუცთან რომ იმუშაო, დღე და ღამე იქ უნდა იყო. თვეში ორი დღე გაქვს დასვენება. როცა მეუღლესთან ერთად ხარ, ახლა დაქორწინდი და ამ სამუშაოს გამო უნდა გაშორდე ქმარს და ვიღაცის ცხოვრებით უნდა იცხოვრო, წარმოუდგენელია.
გიორგიც არ იყო თანახმა და ვერც მე შევძლებდი. ამიტომაც ხან მიმტანი ვარ, ხან ძიძა, ხან დამლაგებელი.
წყარო: https://sarkenews.ge/