„მტკიცე მხარდაჭერის მისია“ წარმატებით დაასრულა. ბატალიონი სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე. მათ სამხედროებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ექვსი თვის განმავლობაში ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა და უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა.