თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვისაც სახელმწიფოს დახმარება ესაჭიროება, ხელისუფლება ყურადღების მიღმა არავის დატოვებს.
„არავინ დარჩება ყურადღების მიღმა. არც მაკო გომური და არც სხვა ადამიანები, ვინც სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას და მხარდაჭერას საჭიროებენ, არავინ დარჩება ყურადღების მიღმა, ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მაკო გომურს, ასევე სხვა დაზარალებულებს, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ეხმარებოდნენ და ეს პროგრამა გაგრძელდება.
„როგორც იცით, მაკო გომურის მკურნალობის კურსი დაფინანსდა. რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა და დახმარების პროგრამა გაგრძელდება. ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.