გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ონლაინკლინიკაში განხორციელებული საპილოტე პროექტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყურადღების ცენტში აღმოჩნდა.
ორგანიზაცია ოფიციალურ გვერდზე ონლაინკლინიკის სამუშაო პროცესის ამსახველ კადრებს აქვეყნებს და პროექტს, როგორც წარმატებულ მოდელს განიხილავს.
ონლაინ კლინიკა ამერიკაში მომუშავე ქართველმა ნევროლოგმა დავით მრელაშვილმა 2020 წლის ბოლოს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დანერგა. მას შემდეგ, ონლაინ კლინიკა კოვიდ-პაციენტებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება.
„ეს არის 2020-2025 წლების ევროპული პროგრამის ერთ-ერთი ინიციატივის ამოქმედების მაგალითი, რომელიც ციფრული ჯანდაცვის გაძლიერებას ემსახურება. ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ციფრულ ჯანდაცვას დააჩქაროს და გააუმჯობესოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი და უფრო მეტად გახადოს ადამიანების საჭიროებებზე მორგებული“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ონლაინ კლინიკა 5 000-ზე მეტ პაციენტს დისტანციურად მოემსახურა.