საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესია იმოქმედებს კანონიკური სამართლის მიხედვით იმის შესაბამისად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეთ.
„შესაძლებელია სრულიად, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან გუშინ რაც მოხდა, იყო სრულიად მოულოდნელი, გამაოგნებელი პრეცედენტი ძალით ეკლესიის რეზიდენციაში შეჭრისა და ძალიან გვაგონებს ეს საბჭოური პერიოდის ეკლესიების დარბევას. გუშინდელი ინციდენტიც იყო სრულიად მოულოდნელი და მიჭირს პროგნოზირება, რა შეიძლება ხვალ კიდევ გააკეთონ. სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს ეკლესია, კანონიკური სამართლის ფარგლებში. იცით, რომ კანონიკური სამართალი ითვალისწინებს ზოგიერთ შემთხვევაში მღვდელმსახურების შეჩერებასაც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.