ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრებ დათა ვანიშვილს სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
“დავიღუპე შვილებო, დავრჩი მარტო. დავკრძალავთ სოფლის სასაფლაოზე, სადაც თავისი მშობლები, ძმები არიან. ზევითაა სასაფლაო. ორჯონიკიძიდან მოდიან ჩემი ძმები, ჩემი შვილი. აქედან ვერავინ მოდის.
შეშა დააპო, არ იყო ცუდად. მახო რომ წავიდა, იჯავრა, ძალიან იჯავრა. გვჭირდება დახმარება, პური, რაღაცეები. პატარა სუფრა რომ გავუშალო. დღეს უნდოდა ჩემს გოგოს საავადმყოფოში წაყვანა. დავბანე და მკითხა – სად უნდა წამიყვანოოო. მერე მითხრა, შენი სახლიდან არსად წახვიდეო, ჩემი სახლები არ წამართვანო. შენი ფეჩის გვერდზე დაჯექი და ქართველები დაგეხმარებიან, ეგენი მშიერს არ დაგტოვებენო. “- განაცხადა დათა ვანიშვილი მეუღლემ, ვალია ვანიშვილმა.
დათა ვანიშვილი 86 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. დათა ვანიშვილის გარდაცვალებას, შიდა ქართლის გუბერნატორი გამოეხმაურა. მამუკა საღარეიშვილის თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია მზად არის დაკრძალვისთვის ყველა საჭირო საკითხი უზრუნველყოს.